თბილისი-მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი გაუქმდა
28/01/2022 07:29:26 საზოგადოება
თბილისი-მოსკოვის პირდაპირი რეისი, რომელიც Georgian Airways-ს უნდა შეესრულებინა, გაუქმდა. ინფორმაცია ასახულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ვებგვერდზე და ამას ადასტურებს ავიაკომპანიის ხელმძღვანელი, თამაზ გაიაშვილიც.
"აჟიოტაჟი ატყდა ისეთი, რომ, აი, ეს, ის და ამან გამოიწვია სერიოზული პრობლემები. ჟურნალისტების აქტიურობის გამო "ჩერეშჩურ"... ატყდა აჟიოტაჟი და აღარ მოგვცეს ნებართვა - არ მოვიდა რეისის შესრულებაზე ნებართვა...",- განაცხადა, "მთავარი არხის" ცნობით, გაიაშვილმა.
თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენა დღეს, 28 იანვარს, 10:00 საათზე უნდა შესრულებულიყო. როგორც კომპანიაში აცხადებდნენ, ყველა ბილეთი გაყიდული იყო.
შეგახსენებთ, რომ კრემლის ლიდერის გადაწყვტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა ანტისაოკუპაციო აქციები. უშუალოდ აქციების კი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომუნისტი წევრის პარლამენტში ვიზიტი და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოთავსება.
მას შემდეგ რუსეთის საგარეო უწყება და პოლიტკური ისტებლიმენტი ხშირად ასახელებდნენ ფრენების აღდგენის პირობებს. ერთ–ერთი უკანასკნელი განცხადბა რუსეთის საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ, დასავლეთთან მზარდი დაძაბულობის, ფონზე 21 იანვარსაც გამოაქვეყნა და რომელშიც პირობები კვლავ დაასახელა:
„საუბარია საქართველოში ვითარების სტაბილიზაციაზე, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტასა და ჩვენი მოქალაქეების მიმართ საფრთხის გაქრობაზე. არ შეგვიძლია სანიტარულ- ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის უგულებელყოფაც. რუსეთი იძულებული იყო შემოეღო ხსენებული შეზღუდვები ქართველი რადიკალების ცნობილ პროვოკაციაზე რეაგირებისთვის“.
ამასთან, უწყება ურთიერთობების ნორმალიზების აუცილებლობაზეც მიუთითებს და საქართველოსგან „გაწონასწორებული პოლიტიკის წარმოების“ იმედი აქვს:
„ჩვენ ვრჩებით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების, არსებული უთანხმოების დაძლევის, ორმხრივი კავშირების აღდგენისა და განვითარების მიზნების ერთგული - ეს ყველაფერი ჩვენი ორი ქვეყნის ხალხების ინტერესებშია. თუმცა, ასეთი პროცესი ორმხრივი უნდა იყოს. ვიმედოვნებთ საქართველოს ხელისუფლება წარსულიდან გაკვეთილებს გამოიტანს და რუსეთთან მიმართებით მეტად გაწონასწორებულ პოლიტიკას აწარმოებს".


