ლავროვი: „წერილობით პასუხში აშშ–მა ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას დადებითად არ უპასუხა“
27/01/2022 10:58:30 მსოფლიო
უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წერილობით გაგზავნილ პასუხში შეერთებულმა შტატებმა არ უპასუხა ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას აღმოსავლეთით ნატო-ს არგაფართოების თაობაზე, ამის შესახებ რუსული მედია საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვზე დაყრდნობით იუწყება.
„ამ დოკუმენტში მთავარ საკითხზე პოზიტიური რეაქცია არ არის. მთავარი საკითხია ჩვენი მკაფიო პოზიცია აღმოსავლეთით ნატო-ს შემდგომი გაფართოების დაუშვებლობისა და შეტევითი იარაღის განლაგების თაობაზე, რომელიც შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას დაემუქროს“, – განაცხადა ლავროვმა.
ამასთან, მისივე თქმით, უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე აშშ-ის წერილობითი პასუხის შინაარსი იძლევა მნიშვნელოვანი საუბრის საშუალებას, ოღონდ მეორეხარისხოვან თემებზე.
„დოკუმენტის შინაარსში არის რეაქცია, რომელიც მნიშვნელოვანი საუბრის დაწყების იმედს იძლევა, მაგრამ მეორეხარისხოვან საკითხებზე“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისივე თქმით, ვაშინგტონის პასუხის შინაარი საზოგადოებისთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი:
"ვფიქრობ, პასუხის შინაარსი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის".
ლავროვი ამბობს, რომ პასუხზე მომდევნო გადაწყვეტილებებს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიიღებს.
აშშ-მა რუსეთს უსაფრთხოების სფეროში წინადადებებზე წერილობითი პასუხი გასცა, რომლის შინაარსიც არ საჯაროვდება. რუსულ მხარეს დოკუმენტი რუსეთში აშშ-ის ელჩმა ჯონ სალივანმა გადასცა. როგორც საკითხზე კომენტირებისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, აშშ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის.
იხილეთ ასევე: The New York Times რუსეთისთვის აშშ–ის წერილობითი პასუხის შინაარსზე წერს


