თვითმფრინავი, რომლითაც პოროშენკო ვარშავიდან გაფრინდა, კიევის აეროპორტში დაჯდა
17/01/2022 07:36:57 მსოფლიო
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკრაინაში ჩავიდა. თვითმფრინავი, რომლითაც ის მგზავრობდა, კიევის „ჟულიანის“ აეროპორტში დაჯდა.
უკრაინაში გამგზავრებამდე მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:
„პირველი – მე არ ჩავჯდები. მეორე – არავის მივცემ უფლებას, ციხეში ჩამაჯინოს. მე იულია ტიმოშენკო არ ვარ“.
პოროშენკომ მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.
უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით დაიწყო. საქმე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას. 2021 წლის 19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პეტრო პოროშენკომ უკრაინა დატოვა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტისთვის დაკითხვაზე დაბარების უწყების გადაცემა სცადეს.
ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, კიევის პეჩორის რაიონის სასამართლომ პეტრო პოროშენკოს დაკავების თანხმობა გასცა.
პოროშენკომ უკრაინაში დაბრუნების გეგმის შესახებ 15 იანვარს განაცხადა.


