რა განაცხადა მოსკოვმა ნატო–რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ
12/01/2022 17:40:35 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკო, რომელიც ნატო–რუსეთის საბჭოს სხდომაზე რუსულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ ალიანსის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები "ღია და პირდაპირი" იყო.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიან გადაწყვეტილებებს, რომლებიც დაფუძნებულია გონივრულ ბალანსზე", - განაცხადა მან 4–საათიანი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე .
გრუშკომ ნატო "რუსეთის შეკავებასა და უპირატესობის მოპოვების მცდელობაში" დაადანაშაულა.
„ვფიქრობ, ჩვენ მოვახერხეთ ნატო–ს წევრებისთვის მკაფიოდ გვეთქვა, რომ სიტუაცია რუსეთისთვის აუტანელი ხდება“, - დასძინა მან.
გარდა ამისა, რუსმა დიპლომატმა გააკრიტიკა ნატო–ს წარმოდგენილობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
ამასთან, რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ალიანსის გაფართოება მოსკოვისთვის "საფრთხეს წარმოადგენს და ქმნის მიუღებელ რისკებს, რომელთაც წინ აღუდგებიან".
რაც შეეხება ნატო–ში რუსეთის დიპლომატიური მისიის აღდგენას, გრუშკომ შემდეგი განაცხადა:
"თუ ნატო სხვა კურსს აირჩევს, მაშინ მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი მისია აღდგეს“.
ამასთან, რუსული დელეგაციის წევრმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ფომინმა აღნიშნა, რომ "მოსკოვმა ნატო–ს დეესკალაციის ზომები შესტავაზა, მაგრამ ალიანსმა მათი იგნორირება მოახდინა".
დღეს ბრიფინგი ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც გამართა და განაცხადა, რომ ნატო–რუსეთის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მოკავშირეებმა კვლავ დაადასტურეს ერთგულება ალიანსის "ღია კარის" პოლიტიკის მიმართ.
ცნობისთვის: თითქმის 2–წლიანი პაუზის შემდეგ დღეს ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა ჩატარდა. განხილვის მთავარი თემა უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იყო.
მანამდე, უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აშშ–სა და რუსეთს შორისაც გაიმართა. თუმცა 10 იანვრის შეხვედრას დიდი გარღვევა არ მოუხდენია. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უენდი შერმანი, რომელიც სხდომაზე ამერიკულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ აშშ–მა უარყო რუსეთის მოთხოვნა ნატო–სგან იურიდიული გარანტიების მიცემის თაობაზე. თავის მხრივ, მისმა რუსმა კოლეგამ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა აღნიშნა, რომ "დასავლეთის შიში უკრაინასთან ესკალაციის შესახებ უსაფუძვლოა".
მოლაპარაკებთა კიდევ ერთი რაუნდი 13 იანვარს ვენაშია დაგეგმილი, სადაც ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა ჩატარდება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოითხოვა კონკრეტული იურიდიული გარანტიები, რომლებიც გამორიცხავენ ნატო–ს შემდგომ გაფართოებას აღმოსავლეთ ფლანგზე.
უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების ბოლოდროინდელი თავმოყრის გამო უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ვარაუდობენ, რომ რუსეთი ახალი ინტერვენციისთვის ემზადება. რუსეთის ხელისუფლება ამას უარყოფს და სიტუაციის დაძაბვაში უკრაინას და დასავლეთს ადანაშაულებს.


