Accentnews.ge
"ნატო–სა და რუსეთს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, რომელთა გადალახვა ადვილი არ იქნება"

"ნატო–სა და რუსეთს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, რომელთა გადალახვა ადვილი არ იქნება"

12/01/2022 14:26:12 მსოფლიო

"ნატო–სა და რუსეთს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, რომელთა გადალახვა ადვილი არ იქნება", – ამის შესახებ ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო –რუსეთის საბჭოს 4–საათიანი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ალიანსის მოკავშირეებმა რუსულ მხარეს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს ნატო–ს "ღია კარის" პოლიტიკისადმი ერთგულება

"ნატო რუსეთის სხდომაზე მხარეებს შორის იოლი დისკუსია არ ყოფილა. სწორედ ამიტომ იყო ეს შეხვედრა ასეთი მნიშვნელოვანი. ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული და პირდაპირი საუბარი უკრაინაში და მის გარშემო არსებულ ვითარებაზე. ნატო–ს მოკავშირეებსა და რუსეთს შორის ამ საკითხებში მნიშვნელოვანი განსხვავებებია, რომელთა გადალახვა ადვილი არ იქნება.თუმცა პოზიტიური ნიშანია, რომ ნატო–ს ყველა მოკავშირე და რუსეთი ერთ მაგიდასთან ისხდნენ.

დღეს რუსეთმა წამოაყენა წინადადებები, რომლებიც მოსკოვმა დეკემბერში გამოაქვეყნა. წინადადებები მოიცავს მოთხოვნებს ნატო–ში ახალი წევრების მიღების შეწყვეტის შესახებ. ასევე მოითხოვენძალების გაყვანას აღმოსავლელი მოკავშირეებიდან.

რუსულ დელეგაციას ნატო–ს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს ერთგულება ნატო–ს "ღია კარის" პოლიტიკისადმი, რომ თითოეულ ერს აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა. მოკავშირეებმა ნათლად განაცხადეს, რომ ისინი უარს არ იტყვიან ერთმანეთის დაცვაზე, მათ შორის ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ჯარების არსებობით.

ამავდროულად, როგორც რუსეთმა, ასევე ნატო–ს მოკავშირეებმა დიალოგის განახლების აუცილებლობაზე მიუთითეს. ნატო–ს მოკავშირეები მზად არიან კვლავ შეხვდნენ რუსეთს უფრო დეტალური განხილვისთვის. კერძოდ, მოკავშირეებს სურთ, განიხილონ სამხედრო წვრთნების გამჭვირვალობის გაზრდის კონკრეტული გზები. მოკავშირეებმა რუსულ მხარეს ასევე შესთავაზეს განიხილონ შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებული საკითხები.

მოკავშირეებმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს უკრაინაში და მის გარშემო რუსული სამხედრო ძალების თავმოყრის გამო. მათ მოუწოდეს რუსეთს სიტუაციის დეესკალაციისაკენ და მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულებისკენ. მათ ასევე მოუწოდეს რუსეთს, თავი შეიკავოს აგრესიული ძალების განლაგებისა და მოკავშირეების წინააღმდეგ მიმართული მავნე ქმედებებისგან. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ჩვენი დიალოგი რთულია, მაგრამ კიდევ უფრო აუცილებელი.ნატო–ს მოკავშირეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი ყველა ღონეს გამოიყენებენ, რათა იპოვონ წინსვლის პოლიტიკური გზა", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის: თითქმის 2–წლიანი პაუზის შემდეგ დღეს ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა ჩატარდა. განხილვის მთავარი თემა უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იყო. შეხვედრას, რომელსაც ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკო დაესწრო, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უძღვებოდა.

მანამდე, უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აშშ–სა და რუსეთს შორისაც გაიმართა. თუმცა 10 იანვრის შეხვედრას დიდი გარღვევა არ მოუხდენია. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უენდი შერმანი, რომელიც სხდომაზე ამერიკულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ აშშ–მა უარყო რუსეთის მოთხოვნა ნატო–სგან იურიდიული გარანტიების მიცემის თაობაზე. თავის მხრივ, მისმა რუსმა კოლეგამ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა აღნიშნა, რომ "დასავლეთის შიში უკრაინასთან ესკალაციის შესახებ უსაფუძვლოა".

მოლაპარაკებთა კიდევ ერთი რაუნდი 13 იანვარს ვენაშია დაგეგმილი, სადაც ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა ჩატარდება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოითხოვა კონკრეტული იურიდიული გარანტიები, რომლებიც გამორიცხავენ ნატო–ს შემდგომ გაფართოებას აღმოსავლეთ ფლანგზე.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების ბოლოდროინდელი თავმოყრის გამო უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ვარაუდობენ, რომ რუსეთი ახალი ინტერვენციისთვის ემზადება. რუსეთის ხელისუფლება ამას უარყოფს და სიტუაციის დაძაბვაში უკრაინას და დასავლეთს ადანაშაულებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S