
ცნობილია, რა წერია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზად ექსპერტიზის დასკვნაში
07/01/2022 11:31:30 საზოგადოება
სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა,– რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ეს დასკვნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 დეკემბერს მიიღო.
გამოცემის ცნობით, იმის მიუხედავად, რომ ექსპერტიზის დასკვნაში საუბარია თვალბუდის ფსკერის დაზიანებაზე, მრავალფრაგმენტულ მოტეხილობაზე, სისხლნაჟღენთებსა და ნაჭდევებზე, ასევე თავის ტვინის შერყევაზე, ექსპერტი მათ სიკვდილის გამომწვევ მიზეზად არ მიიჩნევს:
"დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს დაზიანებები ერთობლიობაში აღებული ატარებენ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ნიშნებს და არ იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან".
ამ დასკვნას ხელს აწერს ლაშქარავას წარმომადგენლების მხრიდან დამოუკიდებელ ექსპერტად ჩართული ალექსანდრე გეჯაძეც.
ექსპერტიზისთვის დასმული იყო რამდენიმე კითხვა:
- რა არის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების უშუალო მიზეზი და როდის დადგა ის"?
- ალექსანდრე ლაშქარავას გვამს აღენიშნება თუ არა დაზიანებები (დადებით შემთხვევაში განისაზღვროს მათი განლაგება სხეულზე, ხალ-ცალკე და ერთობლიობაში, მიყენების მექანიზმი, ხანდაზმულობა და ხარისხი)?
- ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებამდე ჰქონდა თუ არა მიღებული ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, საძილე ან ქიმიურ მომწამლავი ნივთიერება?
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, რომელიც ლაშქარავას ინტერესებს წარმოადგენს გამოძიების პროცესში, აცხადებენ, რომ მათთვის არავის უცნობებია დასრულებული ექსპერტიზის შესახებ.
იხილეთ ასევე: UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა