ОДКБ–ში განმარტავენ, რა შემთხვევაში გამოიყენებენ იარაღს ყაზახეთში დემონსტრანტების წინააღმდეგ
06/01/2022 20:43:57 მსოფლიო
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ОДКБ) ირწმუნება, რომ ყაზახეთში დემონსტრანტების დარბევაში სამხედროები მონაწილეობას არ მიიღებენ.
„ყველა ინსინუაცია, თითქოს, ახლა ჩვენი ქვედანაყოფები დემონსტრანტებს დაარბევენ და ა.შ. – არა, ეს არ მოხდება. ჩვენს მშვიდობისმყოფელებს სხვა დავალებები აქვთ,“ – უთხრა რუსეთის სამთავრობო RIA-ს ОДКБ-ს გენერალურმა მდივანმა სტანისლავ ზასმა.
მისივე თქმით, "მშვიდობისმყოფელები" იარაღს გამოიყენებენ იმ შემთხვევაში, თუ მათ თავს დაესხმებიან:
"მათი მთავარი მიზნები იქნება: ყველაზე მნიშვნელოვანი სამთავრობო და სტრატეგიული ობიექტების დაცვა და მეორე – მართლწესრიგის შენარჩუნებაში დახმარების გაწევა, რათა ხალხმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს“.
იხილეთ ასევე: ალმათში დაძაბულობამ მკვეთრად იმატა უცხო ქვეყნების სამხედროების გამოჩენის შემდეგ
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ჯარები ყაზახეთში მას მერე იქნა გადასროლილი, რაც თხევადი აირის ფასების ზრდის გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლები სისხლიან შეტაკებებში გადაიზარდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის.
6 იანვარს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პოლიციამ მოკლა „ათეულობით“ და დააკავა ორი ათასი დემონსტრანტი გასული დღის განმავლობაში სასტიკი შეტაკებების დროს.
პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა „ვითარების სტაბილიზების მიზნით“ მიმართა სამხედრო ალიანსს, რომელსაც რუსეთი მეთაურობს.
ქალაქში გართულებულია კომუნიკაცია, რადგან მთავრობამ გამორთო ინტერნეტი და კავშირის სხვა საშუალებები.


