
საქართველოში "ომიკრონის" 24 შემთხვევაა გამოვლენილი
22/12/2021 08:49:58 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის "ომიკრონ“ ვარიანტის 24 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ მან სააკორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„ომიკრონის“ 24 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული. ყველა მსუბუქი მიმდინარეობის არის. პირველი ორი შემთხვევის კონტაქტების გამოკვლევა მოხდა. საუბარია შემთხვევებზე, რომლებიც ორშაბათს გამოცხადდა. გამოკვლევის შედეგად ვირუსი კონტაქტში მყოფ ყველა პირს დაუდასტურდა. ყველა ინფიცირებული ვაქცინირებულია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
გაბუნიას ინფორმაციით, "ომიკრონის" საინკუბაციო პერიოდი 3 დღემდეა შემცირებული.
მისივე თქმით, "ომიკრონი", ძირითადად, 20-დან 45 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვრცელდება:
"ომიკრონთან" დაკავშირებით რაც ვიცით, არის ის, რომ კიდევ უფრო მეტი მონაცემი გაჩნდა მისი სწრაფი გავრცელების თაობაზე, მას შეუძლია ძალიან სწრაფად მოიცვას დიდი რაოდენობით მოსახლეობა, რაც ქმნის, გარკვეულწილად, იმ მთავარ რისკს, რაც უკავშირდება ამ შტამს. თითქოსდა, შემოკლებულია ინკუბაციური პერიოდი 3 დღემდე, თუ ჩვენ აქამდე ვსაუბრობდით 14 დღეზე, ძალიან სწრაფად შეიძლება მოხდეს გადადება და მალევე გამოჩნდეს ნიშნები დაავადების.
უფრო მეტად ფოკუსირდება 20-დან 45 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, ბავშვებშიც შესაძლებელია მისი გავრცელება. ჯერჯერობით, უპირატესად მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევებია, თუმცა, აქაც გამორიცხული არ არის ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და, შესაძლებელია, დადგეს არასახარბიელო გამოსავალიც“.
საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების პირველი შემთხვევების გამოვლენის შესახებ 20 დეკემბერს გახდა ცნობილი.
ინფიცირებულებიდან ერთს აშშ–ში, ხოლო მეორეს დუბაიში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.