
საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა
20/12/2021 09:20:14 საზოგადოება
საქართველოში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
"დაახლოებით 10-მდე შემთხვევას ვიკვლევდით, რამდენიმე შემთხვევაში დადგინდა სეკვენირებით, რომ ისინი იყო დელტა და დელტა +. ორ შემთხვევაში ჩვენ დავადასტურეთ ომიკრონის არსებობა.
რამდენჯერმე იქნა ეს გადამოწმებული როგორც სეკვენირებით ისე სპეფიციური PCR ტესტებით, რომელიც ჩვენ შაბათს მივიღეთ ჩვენი გერმანელი პარტნიორებისგან, რომელიც აღმოაჩენს სფეციფიურად უკვე PCR-ით და არა სეკვენირებით. ორ შემთხვევაში დადასტურდა როგორც სეკვენირებით, ისე სპეციფიური PCR ტესტით," - განაცხადა გამყრელიძემ.
იხილეთ ასევე: ელის თუ არა NCDC საქართველოში „ომიკრონის“ დაფიქსირების ფონზე ეპიდვითარების დამძიმებას
მისი ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში მოქალაქეს აშშ-ში მოგზაურობის ისტორია აქვს, ხოლო მეორე შემთხვევაში – დუბაიში.
გამყრელიძის თქმით, ორივე მათგანი იზოლირებულია, დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და ამჟამად იკვლევენ აღნიშნული პირების 26 კონტაქტს.
კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 24 ნოემბერს დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ომიკრონი უკვე 89 ქვეყანაშია გავრცელებული.
ფარმაცევტული კომპანიები Pfizer და BioNTech აცხადებენ, რომ კვლევების მიხედვით, "ბუსტერ" დოზა კორონავირუსის "ომიკრონის" ვარიანტს ანეიტრალებს.