
"დარწმუნებით არ შეგვიძლია, ვთქვათ, რას გეგმავს პუტინი, თუმცა უკრაინის საზღვართან რუსული ძალების გადაადგილებას ყურადღებით ვაკვირდებით"
18/11/2021 06:22:27 მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი აცხადებს რომ უკრაინის საზღვართან რუსული ძალების თავმოყრას ყურადღებით აკვირდება.
"სიმართლე ის გახლავთ, რომ დარწმუნებით არ შეგვიძლია ვთქვათ, რას გეგმავს ბატონი პუტინი, თუმცა უკრაინის საზღვართან რუსული ძალების გადაადგილებას ყურადღებით ვაკვირდებით. მჭიდრო კონტაქტში ვართ აშშ–ის ევროპულ სარდლობასთან. მოვუწოდებ რუსეთს, იყოს უფრო გამჭვირვალე მათ გეგმებთან დაკავშირებით და გადადგას ნაბიჯები მინსკის შეთანხმების შესრულებისთვის. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერტორიული მთლიანობისადმი ურყევია", – განაცხადა ოსტინმა.
შეგახსენებთ, რომ Bloomberg–მა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ–მა ევროკავშირი უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის თაობაზე გააფრთხილა.
მიმდინარე თვის დასაწყისში უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაანარცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, "რუსეთი აგრძელებს, სამხედრო ძალის თავმოყრას უკრაინის საზღვართან, სადაც ამჟამად უკვე 90 000 რუსი ჯარისკაცია განლაგებული". რუსეთი აცხადებს, რომ სამხედროების ნებისმიერი გადაადგილება მის ტერიტორიაზე ქვეყნის საშინაო საქმეა.