მაკრონი - პუტინს: "საფრანგეთი მზად არის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას"
16/11/2021 07:49:51 მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას თქვა, რომ საფრანგეთი მზად არის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას. AFP-ს ინფორმაციით, ლიდერებს შორის საუბარი საათი და 45 წუთი გაგრძელდა.
პრეზიდენტის ოფისის თქმით, მარკონმა გამოთქვა "შეშფოთება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მზაობა". ფრანგული მხარის თანახმად, საუბრისას პუტინმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები უკრაინის ხელისუფლებამ გაართულა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსი უკრაინის საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრას ყურადღებით აკვირდება:
"ბოლო პერიოდში ჩვენ ვიხილეთ რუსული ძალების დიდი და უჩვეულო კონცენტრაცია უკრაინის საზღვრებთან. ნატო ფხიზლად რჩება. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს ვითარებას და ვაგრძელებთ კონსულტაციებს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, როგორიცაა უკრაინა და ევროკავშირი. რუსეთის მხრიდან ნებისმიერი შემდგომი პროვოკაცია ან აგრესიული ქმედება სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევს. მოვუწოდებთ რუსეთს, იყოს გამჭვირვალე სამხედრო აქტივობებთან დაკავშირებით", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, რომ Bloomberg–მა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ–მა ევროკავშირი უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის თაობაზე გააფრთხილა.


