"ყურადღებით ვაკვირდებით რუსული ძალების თავმოყრას უკრაინის საზღვრებთან, რუსეთის ნებისმიერი აგრესიული ქმედება სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევს"
15/11/2021 12:12:35 მსოფლიო
ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინის საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების თავმოყრას ყურადღებით აკვირდებიან. ამის შესახებ მან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება უკრაინაში და მის გარშემო. ბოლო პერიოდში ჩვენ ვიხილეთ რუსული ძალების დიდი და უჩვეულო კონცენტრაცია უკრაინის საზღვრებთან. ნატო ფხიზლად რჩება. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს ვითარებას და ვაგრძელებთ კონსულტაციებს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, როგორიცაა უკრაინა და ევროკავშირი. რუსეთის მხრიდან ნებისმიერი შემდგომი პროვოკაცია ან აგრესიული ქმედება სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევს. მოვუწოდებთ რუსეთს, იყოს გამჭვირვალე სამხედრო აქტივობებთან დაკავშირებით", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ნატო უკრაინის გვერდით დგას და არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას.
როგორც მან აღნიშნა, ნატო და მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინის მნიშვნელოვან პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის რეფორმების დღის წესრიგს, რომელიც ხელს შეუწყობს უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლას. ნატო–ს მხარდაჭერა უკრაინისადმი რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ნატო–სა და მოკავშირეთა წვრთნები შავი ზღვის რეგიონში თავდაცვითი და გამჭვირვალეა", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, რომ Bloomberg–მა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ–მა ევროკავშირი უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის თაობაზე გააფრთხილა.


