
მიგრაცია და გენდერი
03/11/2021 07:46:35 საზოგადოება
ქალის ტვირთი დევნილობის რაკურსში
საომარი კონფლიქტებით განპირობებული დევნილობა ადამიანთა ურთიერთობაში არსებულ პრობლემებს, მათ შორის გენდერულს, კიდევ უფრო ამძაფრებს. სტაბილურ გარემოში გენდერული პრობლემები მეტ-ნაკლები კეთილდღეობითაა შერბილებული. ახალ გარემოში დამკვიდრება უამრავ სირთულესთანაა დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, თუ ურთიერთპატივისცემა და მხარდაჭერა ჩვეულ გარემოშიც მოისუსტებდა, ახალ ადგილზე პრობლემები ძლიერდება და უკიდურესად მტკივნეულ ფორმებს იძენს; ოჯახში ძალადობაც უფრო გამოხატული ხდება.
„ქალის მეტ პრობლემებზე ხმას არავინ იღებდა“
„აფხაზეთის ა\რ ქალთა საბჭოს“ თავმჯდომარეს როზა კუხალაშვილს 90-იან წლებში მოუწია აფხაზეთის დატოვება. თავადაც დევნილს, საზოგადოებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, უამრავ დევნილთან მოუწია მუშაობა და კარგად იცნობს მათ პრობლემებს. მისი დაკვირვებით, დევნილობის ტვირთმა ძირითადად ქალების ზურგზე გადაიარა:
- საცხოვრებელ ადგილზე თუ რამე აწუხებდათ, ქალის მეტი, პრობლემებზე ხმას არავინ იღებდა. თუ ბევრ მამაკაცს ჰქონდა ფუფუნება, დეპრესიაში ჩავარდნილიყო და არაფერი ეკეთებინა, ქალებს ის ნამდვილად არ ჰქონიათ. სწორედ ქალებმა დაიწყეს პირველად უსამართლობაზე ლაპარაკი, მხოლოდ ქალები დარბოდნენ სამთავრობო სტრუქტურებში - მე იქ კაცები არასოდეს მინახავს. ქმარი რომც ჰყოლოდა, მაინც ქალი მოდიოდა და ეს იყო ტენდენცია. მამაკაცებს, არ ვიცი, ერიდებოდათ, თუ უჭირდათ ხმის ამოღება. როდესაც ბავშვებს შიათ და სცივათ, აქ უკვე შენი თავმოყვარეობა წინ არ უნდა დააყენო.
- ალბათ, მიზეზი ის არის, რომ ქართველი დედები ბიჭებს უფრო ანებივრებენ, ამიტომ უფრო ინფანტილურები და ყოყოჩები იზრდებიან, სიძნელეების შემთხვევაში კი იბნევიან და პრობლემებს გაურბიან...
- ასივე პროცენტით გეთანხმებით. სწორედ ასეა. მაშინაც კი, იმ უმძიმეს მდგომარეობაში, უმეტეს შემთხვევაში დედები ცდილობდნენ, თავისი 14-15 წლის ბიჭები არ დაეტვირთათ და ყველაფერი თავის თავზე აეღოთ. ამ დროს ამ ასაკის ბიჭს ბევრი რამ შეუძლია - მოიტანოს, წაიღოს და ა.შ. სოფლებში ხანდახან 15 წლის ბიჭები ოჯახებსაც არჩენენ. გააჩნია, ვინ როგორ გაზრდის. რატომ არის, რომ ქართველ ბიჭთა უმრავლესობისთვის ჯერ დედაა მზრუნველი და მერე ცოლი? სწორედ იმ მიზეზით, თქვენ რომ აღნიშნეთ - ყველაფერი ზედმეტი განებივრების ბრალია. ქალს ოდითგანვე ჩაგონებული აქვს, რომ მამაკაცი გვარის გამგრძელებელია და ამიტომ ეფუფუნება. იმერეთში იციან: «გოგო სხვისი ტუტაა (ანუ ნაცარი), სხვის ოჯახში წავა, ბიჭი კი რჩებაო». როდესაც არჩევანი დგება, ხშირად ოჯახი წყვეტს, რომ ბიჭმა უნდა დაამთავროს უმაღლესი. ბიჭის შემთხვევაში ავიწყდებათ სიბრძნე: «შვილი მტრად გაზარდე, მოყვრად გამოგადგებაო». ცხადია, აქ გონივრულ სიმკაცრეზეა საუბარი. ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე და ადამიანი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. ამიტომაა, რომ კონფლიქტის პირობებში და დევნილობისას ბევრი მამაკაცი სიტუაციას ვერ გაუმკლავდა. ახლა გამახსენდა: სოხუმში მთელი წლის მანძილზე ომი რომ მიდიოდა, უმეტესად ქალები იყვნენ სახლებში დარჩენილნი. ძალიან ბევრმა მამაკაცმა ქალაქი დატოვა.
- საომრად წავიდნენ?...
- არა, განერიდნენ აფხაზეთს...
- მაინც ვერ მივხვდი. ცოლ-შვილი სოხუმში რატომ დატოვეს?
- შვილები გაიყვანეს, მაგრამ სახლი ცარიელი რომ არ დარჩენილიყო, ცოლები დატოვეს.
- ცოლ-შვილი გაერიდებინათ და სახლის მცველებად თავად რომ დარჩენილიყვნენ, არ შეიძლებოდა?
- კაცები ხშირად პანიკაში იყვნენ. ის კაცები მყავს მხედველობაში, რომლებიც არ ომობდნენ და უბრალოდ მეზობლად ცხოვრობდნენ. გაოგნებული ვიყავი. ყველას ფსიქიკა ვერ იტანს ასეთ სტრესს. ერთი, მახსოვს, აკანკალებული მოვიდა ჩემთან; ხელში შეკვრა ეჭირა: «მეზობელმა აფხაზმა დამიტოვა თავისი ოქროულობა შესანახად. შენ ვიცი, რომ არ წახვალ (დედაჩემი იყო უარზე), ამიტომ მინდა გადასაცემად შენ დაგიტოვოო». არც გამიხსნია, ისე გადავეცი იმ ადამიანს, როდესაც აფხაზები შემოვიდნენ.
- მოკლედ, პირველი გენდერული პრობლემა, რომელიც დევნილებში შეამჩნიეთ, იყო მამაკაცების განრიდება პრობლემებისგან და უღლის მხოლოდ ქალების ძალით გაწევა. კიდევ რა პრობლემები იდგა ამ კუთხით?
- მამაკაცთა განრიდების პრობლემა იმ წლებში არ ჩარჩენილა და დღესაც აქტუალურია. ბევრი მამაკაცი ძალიანაც მოერგო უმუშევრობას და სასმელს მიეძალა. მათ, ფაქტობრივად, ცოლები არჩენენ. სამწუხაროდ, ზოგმა სინდის-ნამუსი დაკარგა. სხვა სიტყვებს უბრალოდ ვერ ვპოულობ. წარმოიდგინეთ, იკრიბება რამდენიმე კაცი, ვიღაცას ფული რომ «შეაწერონ» და დალიონ! ხან ერთი ადამიანისგან სესხულობენ ფულს, ხან - მეორესგან. თან დაბრუნებას არც აპირებენ. ეს მასობრივი მოვლენა იყო; განსაკუთრებით - დევნილთა კომპაქტურ ცენტრებში. ასეთი დეგრადირება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. და მსგავსი ცხოვრების წესი პირდაპირ განაპირობებს ოჯახში ძალადობას. პიროვნულად დეგრადირებულ მამაკაცს, რომელიც ასე ცხოვრობს, ტვინში მხოლოდ ის აქვს, რომ დალიოს. თუ ცოლი ფულს იშოვის, ცდილობს, წაართვას და სასმელში დახარჯოს. ქალი უარს თუ ეტყვის, კონფლიქტი იწყება. მაგასაც არ ვხედავთ, ქალები ათეულ წლობით საზღვარგარეთ რომ მიდიან, ხოლო მათი უსაქმური ქმრები, ძმები და ვაჟები გამოგზავნილი ფულით საამურად ცხოვრობენ! ისეთი შემთხვევებიც ვიცი, ქალი უმაქნის ქმარს რომ ეყრება და მერე ბავშვთან ერთად საზღვარგარეთ მიდის, ვინაიდან ყოფილი ქმარი შვილს ყურადღებას არ აქცევს.
მკვლევართა აზრით
რამდენიმე წლის წინ ფონდმა „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ დევნილობის ტრავმაზე და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაზე ოთხი ათასზე მეტი დევნილი გამოიკვლია (როგორც 1990-იანი წლების, ისე 2008 წლის ომის შედეგად ადგილნაცვალი მოსახლეობა). გამოკვლევა ჩატარდა ისეთი ტიპის აშლილობებზე, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, სტრესული აშლილობა და ა.შ. აგრეთვე შესწავლილი იქნა, როგორ ახერხებდნენ მამაკაცები და ქალები პრობლემების გადაწყვეტას. კვლევის მონაცემები 2015 წელს გამოქვეყნდა
აი, რას ამბობს ფონდის დირექტორი, ფსიქიატრი ნინო მახაშვილი:
- სხვადასხვა კლინიკური აშლილობები ქალებში უფრო იყო გავრცელებული. დეპრესიის სიმპტომები, მაგალითად, დევნილი ქალების 15,4%-ს აღენიშნებოდა, კაცებში - 11,4%-ს. ასიდან 15 ქალი და 11 კაცი ამ კლინიკური დიაგნოზის სიმპტომებით იტანჯებოდა (აღარ ჰქონდა მომავლის იმედი, იყო უინტერესო, უინიციატივო და სხვა). რაც შეეხება სტრესთან გამკლავებას, მამაკაცები ხშირად იყენებდნენ დესტრუქციულ სტრატეგიებს (ალკოჰოლი, აზარტული თამაშები, სიტუაციიდან განრიდება და სხვა), ხოლო ქალები - კონსტრუქციულს (გეგმავდნენ მომავალს, აქტიურად ცდილობდნენ გამოსავლის მოძებნას). თავის სათემო ცხოვრებაში ეს ქალები ხშირად ირგვლივ მყოფთა საყრდენები იყვნენ, ქმნიდნენ მხარდამჭერ სოციალურ ქსელს, მყუდრო გარემოს, სადაც შეგეძლო, მისულიყავი, ყავა დაგელია და განტვირთულიყავი.
კვლევამ დაადასტურა როზა კუხალაშვილის ემპირიული გამოცდილება: ფსიქიკური დაავადებების მიმართ მეტი მოწყვლადობის მიუხედავად, პრობლემების გადაწყვეტის კონსტრუქციულ სტრატეგიებს სწორედ დევნილი ქალები იყენებდნენ. „დედის წიაღში ჩარჩენილი“ დევნილი მამაკაცები კი სიძნელეებისთვის მოუმზადებელნი აღმოჩნდნენ.
ქალთა საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელის, ფსიქოლოგ რუსუდან ფხაკაძის აზრით, დევნილობა, როგორც ასეთი, კი არ წარმოშობს ოჯახში ძალადობას, არამედ ყველაფერი დევნილობის წინარე მდგომარეობიდან გამომდინარეობს. თუ მამაკაცი ადრე იღებდა ოჯახზე პასუხისმგებლობას და ახერხებდა ოჯახის წევრთა უზრუნველყოფას, იგი დევნილობის შემთხვევაშიც გამონახავს რესურსს და მოახერხებს იგივეს გაგრძელებას. ხოლო სადაც ოჯახი, ფაქტობრივად, ქალზე დგას (ანუ, აშკარა ან ფარული ლიდერია), დევნილობის შემთხვევაში ეს კიდევ უფრო მეტად გამოვლინდება. იმავე წესით, თუ მამაკაცი ადრე მოძალადე იყო, იგივეს უფრო აქტიურად გააგრძელებს. ანუ, მკვლევარის აზრით, ექსტრემალური სიტუაცია (დევნილობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები) კი არ შექმნის, არამედ გაამძაფრებს ძალადობისკენ მიდრეკილებას.
„საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ფსიქიატრ-ფსიქოთერაპევტ მანანა შარაშიძის თქმით, აღრიცხვიანობის მიხედვით, ქალები თითქმის ორჯერ უფრო ხშირად ხდებიან ავად დეპრესიით; სამაგიეროდ, თვითმკვლელობა მამაკაცებში სამჯერ მეტია, რასაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პარადოქსს უწოდებენ. საზოგადოება მათგან სიძლიერეს ელის, ხოლო დეპრესია სისუსტესთან ასოცირდება, ამიტომ პრობლემის საკუთარ თავთან აღიარებაც კი უჭირთ. მამაკაცები დახმარებას კი არ ითხოვენ, უბრალოდ თავს იკლავენ. უკვე კვლევებიც დაიდო, რომ გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში 25-40 წლის ასაკის მამაკაცები სუიციდის მიმართ მოწყვლადნი არიან. საზოგადოება მათგან ოჯახის მარჩენალობას ელის; ამ დროს ისინი სამსახურს კარგავენ და თვითშეფასება უქვეითდებათ. სოციალურ კიბეზე ჩამოცურებას მამაკაცი ქალზე მეტად განიცდის - მის შემთხვევაში შემოსავალი და ღირსება ერთმანეთთან გადაჯაჭვულია. დევნილი მამაკაცების შემთხვევაშიც ასე ხდება, ხოლო თავს მოიკლავს, თუ უძლურების ბოღმას ოჯახის წევრებზე ამოანთხევს - ეს კონკრეტულ მამაკაცსა და სიტუაციაზეა დამოკიდებული.
ქალთა საკონსულტაციო ცეტრმა „სახლი“ დევნილებში ოჯახში ძალადობის საკითხისადმი დამოკიდებულების თემაზე გამოკითხვა ჩაატარა. გამოიკითხა სულ 648 ქალი და 152 მამაკაცი. აღმოჩნდა, რომ ქალთა 87%-ის აზრით, დევნილობასთან დაკავშირებული მდგომარეობა აძლიერებს ოჯახში ძალადობას. მამაკაცებში კი იგივე აზრი მხოლოდ 13%-მა დააფიქსირა. შეფასების ასეთი დიდი აცდენა თვალსაჩინოდ მეტყველებს იმაზე, რამდენად ღრმავდება დისბალანსი დევნილთა ოჯახურ ურთიერთობებში.
მედეა გოგსაძე