
სააკაშვილის ექიმი: „საკვებს არ იღებს, წვენი დალია და ფული აღარ აქვს მეტი"
08/10/2021 20:02:49 საზოგადოება
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმრში პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა.
მისი თქმით, სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს, თუმცა შიმშილობას აგრძელებს.
„განაგრძობს შიმშილობას, მითხრა, "არ დავამთავრებო". მშრალ შიმშილობაზე არასდროს არ ყოფილა. იღებს წყალს. გარეგნულად ძლიერად არის, ძალიან მოტივირებულია. თავს გრძნობს კარგად, ვერც შეამჩნევთ რომ შიმშილობს ადამიანი, წონაში არის დაკლებული. მე შევხვდი მთავარ ექიმს, რომელიც არის პროფესიონალი, გვქონდა ნახევარ საათიანი კონსილიუმი, ვილაპარაკეთ ყველაფერზე. ტესტები რაც მე მინდოდა, რომ ჩატარებულიყო, უკვე ჩატარებულია. პასუხები არ არის საკმაოდ დამაიმედებელი. პრობლემა არის შიმშილი. ჩაუტარდა კვლევა სისხლისა და შარდის. საფრთხის წინაშე იქნება რამოდენიმე დღეში, რადგან აქვს ანემია“, – განაცხადა ექიმმა.
კითხვაზე, იღებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი თაფლსა და ნატურალურ წვენს, ექიმმა აღნიშნა:
„საკვებს არ იღებს, წვენი დალია და ფული აღარ აქვს მეტი. თაფლი არ მიკითხავს, მაგრამ ფული არ აქვს და რა თაფლი, რის თაფლი. აქ ყოფილა ასე, აძლევენ ბარათს, 700 ლარამდე აქვს ზედ თანხა, ამ თანხის დიდი ნაწილით იყიდა ტელევიზორი და შემდეგ თვემდე არ ექნება ეს ბარათი შევსებული. წვენი უკვე დალია ერთი ბოთლი“.
კითხვაზე, სჭირდება თუ არა მედიკამენტების დახმარება, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე არა, თუმცა მკურნალობა მომდევნო კვირიდან დასჭირდება:
„საუბედუროდ, ჩემი გამოთვლებით, შემდეგ კვირას დასჭირდება მკურნალობა. ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება. ორ-სამ დღეში ჩემის აზრით, ეს ანალიზები გაურესდება. არაფრით არ გაუმჯობესდება და დასჭირდება სხვადასხვა სახის მკურნალობა. ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან კარგი აქვს. არის მშვენიერ მდგომარეობაში და დადის წინ და უკან“, – განაცხადა ექიმმა.
ცნობისთვის: პენიტენციური სამსახურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა თაფლის და ნატურალური წვენის მიღება დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. ის თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და მე–9 დღეა, შიმშილობსა .