თურქეთს სურს, ავღანეთიდან აშშ–ის გასვლის შემდეგ ქაბულის აეროპორტი მისი კონტროლის ქვეშ იყოს
19/08/2021 12:00:17 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ანკარა მზადაა, დაიცვას ქაბულის აეროპორტი "თალიბანის" მიერ ავღანეთის მმართველობის პერიოდში.
"თურქეთი კვლავ გამოთქვამს მზადყოფნას, აეროპორტის კონტროლის თაობაზე. თუმცა მას შემდეგ რაც თალიბებმა ქვეყნის თითქმის მთელი ტერიტორია აიღეს, ახალი რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. ახლა ჩვენს გეგმებს ამ ახალი რეალობის შესაბამისად მივყვებით. მზად ვარ, ვესაუბრო "თალიბანის" ლიდერებს. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი თანამშრომლობისთვის. ისინი [თალიბანის ლიდერები] ყოველთვის ძალიან სენსიტიურები იყვნენ თურქეთთან ურთიერთობის მიმართ",-განაცხადა ერდოღანმა.
ავღანეთიდან აშშ–ის ძალების გასვლის შემდეგ თურქეთს უნდა გაეკონტროლებინა და ემართა ქაბულის აეროპორტი. თუმცა "თალიბანის" მიერ ავღანეთზე კონტროლის სწრაფად დამყარებამ შესაძლოა, ეს გეგმა ჩაშალოს.
16 აგვისტოდან დღემდე აშშ და რიგი ქვეყნები ავღანეთიდან თანამოქალაქეებისა და მათთან დასაქმებული ავღანელების ევაკუაციას აგრძელებენ. ქაბულის აეროპორტი ამ დრომდე ამერიკული კონტინგენტის კონტროლის ქვეშ რჩება, თუმცა აეროპორტამდე მისასვლელ გზებს „თალიბანი“ აკონტროლებს.
იხილეთ ასევე: რომელმა ქვეყანამ რამდენი ადამიანი გაიყვანა ამ დროისთვის ავღანეთიდან.


