აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი და პენტაგონი ქაბულის აეროპორტში ამერიკელების მიყვანის საკითხზე ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს ავრცელებენ
18/08/2021 21:00:09 მსოფლიო
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი და პენტაგონი ამერიკელების ქაბულის აეროპორტში მიყვანის საკითხზე ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს ავრცელებენ.
კერძოდ, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, "შეერთებული შტატების მთავრობას არ შეუძლია, უზრუნველყოს ამერიკელების უსაფრთხო გადაყვანა ქაბულის აეროპორტში".
აღნიშნული გაფრთხილების გავრცელებიდან რამდენიმე საათში, პანტაგონში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადეს, რომ ამერიკელების აეროპორტამდე უსაფრთხო მისვლის გარანტიებს თალიბები იძლევიან.
"თალიბები არიან ქაბულში და მის შემოგარენში, მაგრამ ისინი არ ერევიან ჩვენს ოპერაციებში", – განაცხადა აშშ–ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა გენერალმა მარკ მილიმ.
ცნობისთვის: 16 აგვისტოს "თალიბანმა" ქაბული აიღო. ამ დროისთვის იგი ავღანეთს თითქმის სრულად აკონტროლებს. დედაქალაქის აეროპორტს ქვეყნის დატოვების მსურველი ათასობით ავღანელი მიაწყდა. პარალელურად, აშშ და დასავლეთის რიგი ქვეყნები ქაბულში საელჩოებს ხურავენ და პერსონალის ევაკუაციას ახორციელებენ.


