ავღანელი ქალი ქაბულიდან: "ვეღარც ხმამაღლა ვიცინებ და ვეღარც უნივერსიტეტს დავამთავრებ, არ ველოდი, რომ ყველაფერი ასე დასრულდებოდა"
16/08/2021 12:35:50 მსოფლიო
24 წლის ავღანელი ქალი "თალიბანის" მიერ ქაბულის აღების შემდეგ ქალების უმძიმეს მდგომარეობაზე ჰყვება. მის მონათხრობს The Guardian აქვეყნებს:
"კვირა დილით უნივერსიტეტისკენ მიმავალს იქაური საცხოვრებლიდან გამოქცეული ქალები შემხვდნენ. როდესაც ვიკითხე რა ხდებოდა, ერთ–ერთმა მათგანმა მიპასუხა, რომ პოლიციამ განახორციელა მათი ევაკუაცია. "სამართალდამცველებმა გვითხრეს, რომ ქალაქში თალიბები შემოვიდნენ და ისინი ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ ყველა ქალს, რომელიც ბურკა არ ატარებდა", – მიპასუხა ერთ–ერთმა ქალმა. სახლამდე მიღწევა გვინდოდა, მაგრამ ტრანსპორტს ვერ ვიყენებდით. მძღოლები არ გვიშვებდნენ, ვერ იღებდნენ პასუხისმგებლობას ქალების გადაყვანაზე. ქაბულის გარეთ მცხოვრები ქალები კიდევ უარეს დღეში აღმოჩდნენ. არ იცოდნენ, სად წასულიყვნენ.
გარშემო მდგომი კაცები გოგოებსა და ქალებს დასცინოდნენ. ჩვენს შიშზე იცინონდნენ. "წადი, ბურკა ჩაიცვი", "ქუჩაში ყოფნის ბოლო დღეებს ითვლით", "ერთ–ერთ თქვენგანს ცოლად მოვიყვან", - გვეძახდნენ კაცები.
სამთავრობო ოფისების დახურვის შემდეგ ჩემს დას ქალაქიდან სახლამდე რომ მისულიყო, რამდენიმე კილომეტრის სირბილით დაფარვა მოუწია. ”მე დავხურე კომპიუტერი, რომელიც დამეხმარა, რომ ჩემს ხალხს და საზოგადოებას დავხმარებოდი ოთხი წლის განმავლობაში. ცრემლიანი თვალებით დავემშვიდობე ჩემს კოლეგებს. ვიცოდი, რომ ეს იყო ჩემი ბოლო დღე სამსახურში", – თქვა ჩემმა დამ.
თითქმის მოვასწარი ავღანეთის ორი საუკეთესო უნივერსიტეტის ხარისხის აღება – ნოემბერში დავასრულებდი ავღანეთის ამერიკულ უნივერსიტეტსა და ქაბულის უნივერსიტეტში სწავლას, მაგრამ დღეს დილით ყველაფერი ეს გაქრა.
ბევრი დღე და ღამე ვიმუშავე, რომ გავმხდარიყავი ის, ვინც ვარ დღეს. დილით, როცა სახლს მივაღწიე, პირველი, რაც დებთან ერთად გავაკეთე, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების, დიპლომებისა და სერტიფიკატების გადამალვა იყო. ამან გაგვანადგურა. რატომ უნდა ვმალავდეთ იმას, რაც საამაყოა? ავღანეთში უფლება არ გვაქვს, ვიყოთ ის, ვინც ვართ.
როგორც ქალს, შეგრძნება მაქვს, რომ კაცების მიერ წამოწყებული პოლიტიკური ომის მსხვერპლი ვარ. ვეღარ ვიცინებ ხმამაღლა, ვერ მოვუსმენ საყვარელ სიმღერებს, ვერ ვატარებ საყვარელ ყვითელ კაბას და ვარდისფერ პომადას. ვერ ვივლი სამსახურში და ვერ დავამთავრებ უნივერსიტეტს.
ფრჩხილების მოწესრიგება მიყვარდა. დღეს სახლისკენ მიმავალ გზაზე სილამაზის სალონს ჩავუარე, სადაც ადრე ფრჩხილებს ვიკეთებდი. გოგოების ლამაზი ფოტოები გადაღებილი იყო.
რისი დანახვაც შემეძლო ჩემს ირგვლივ, მხოლოდ ქალების შეშინებულ სახეები და მახინჯი კაცები იყო, რომელთაც სძულთ ქალები, არ უნდათ, რომ მათ განათლება მიიღონ, იმუშაონ და თავისუფლები იყვნენ. ყველაზე მეტად ბედნიერმა კაცებმა დამთრგუნეს, რომლებიც ქალებს დასცინოდნენ. ჩვენს გვერდში დგომის ნაცვლად, "თალიბანს" უჭერენ მხარს და კიდევ უფრო აძლიერებენ.
ავღანელმა ქალებმა დიდი მსხვერპლი გაიღეს იმ მცირე თავისუფლებისთვის, რაც დღეს აქვთ. მე ობოლი ვიყავი და განათლების მიღების შესაძლებლობისთვის ხალიჩებს ვქსოვდი. ბევრი ფინანსური პრობლემის მიუხედავად, სამომავლო გეგმები მქონდა. არ ველოდი, რომ ყველაფერი ასე დასრულდებოდა.
ახლა ვხედავ, რომ ყველაფერი უნდა დავწვა, რასაც 24 წლის მანძილზე მივაღწიე. უნივერსიტეტის ბარათის ან ჯილდოს ფლობა რისკიანი საქმე გახდა. რომც შევინახოთ, ვერ გამოვიყენებთ. ავღანეთში ქალებისთვის სამუშაო არ არის.
როცა პროვინციები ერთმანეთის მიყოლებით დაეცა, ჩემს ლამაზ ოცნებებზე ვფიქრობდი. ღამით ვერ ვიძინებდით, გვახსენდებოდა დედის მონაყოლი ამბები "თალიბანის" ეპოქაში ქალების ცხოვრებაზე. არ ველოდი, რომ ყველა ფუნდამენტურ უფლებას ისევ წაგვართმევდნენ და 20 წლით უკან დავბრუნდებოდით. უფლებებისა და თავისუფლებისთვის 20–წლიანი ბრძოლის შემდეგ ჩვენი იდენტობა ბურკებში უნდა დავმალოთ.
გასული თვეების განმავლობაში ასობით ადამიანი გამოიქცა ქაბულისკენ. ღია ცის ქვეშ ცხოვრობენ. სხვა სტუდენტებთან ერთად მათ დახმარებას და ფულის აგროვებას ვცდილობდი. ცრემლებს ვერ ვიკავებდი ამ ოჯახების ისტორიების მოსმენისას. ერთ–ერთმა ომში ვაჟიშვილი დაკარგა, ქაბულისკენ წამოსასვლელი ფული არ ქონდათ, ამიტომ ტრანსპორტირებაში რძალი გაცვალეს. როგორ შეიძლება ქალს მგზავრობის ფასი ედოს?
დღეს, როცა გავიგე, რომ "თალიბანმა" ქაბულს მოაღწია, ვიგრძენი, რომ მონა ვიქნები. ისე ითამაშებენ ჩემი ცხოვრებით, როგორც მოესურვებათ.
ინგლისურის მასწავლებლადაც ვმუშაობდი. აუტანელია იმაზე ფიქრი, რომ კლასის წინ ვეღარასდროს დავდგები. ყოველ ჯერზე, როცა მახსენდება, რომ პატარა, ლამაზ გოგონებს სწავლის შეწყვეტა და სახლში დარჩენა მოუწევთ, ცრემლები მდის".


