
მაკროფინანსური დახმარებების მიმართულებით მომუშავე ევროპარლამენტარი: "საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა საგანგაშოა, რაც შეუმჩნეველი არ დარჩება"
03/08/2021 09:19:38 პოლიტიკა
ევროპელი "მწვანეებისა და ევროპელთა თავისუფალი ალიანსის“ (Greens/EFA) წევრი, ჩეხი ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა, რომელიც მაკროფინანსური დახმარებების მიმართულებით მუშაობს, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა ძალიან საგანგაშოა ევროკავშირისთვის და ეს ვითარება შეუმჩნეველი არ დარჩება".
როგორც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე–თავმჯდომარის მიერ "აქცენტისთის" მოწერილ წერილშია ნათქვამი, მაკროფინანსური დახმარების შეზღუდვის გარდა, სხვა ზომებიც განიხილება:
"ძალიან იმედგაცრუებული ვარ, "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების გამო. ეს გადაწყვეტილება არაკონსტრუქციულია. რაც შეეხება ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაძლო შედეგებს, ამ დროისთვის ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მათ შორის – აშშ-სთან. თუმცა სამწუხაროდ, ამ თემაზე დამატებით განმარტებას ვერ გავაკეთებ, რადგან მიმდინარე პროცესია და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მაკროფინანსური დახმარების შეზღუდვა ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი საშუალებაა იმის დასანახად, რომ ევროკავშირი არის პარტნიორი და არა ინსტრუმენტი, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული, როდესაც ის მომგებიანია და სხვაგვარად იგნორირებულია. ასევე არსებობს სხვა ზომებიც, თუმცა მე არ მსურს ჭორების გამოწვევა იმ თემაზე, რომელიც ჯერ–ჯერობით შეთანხმებული არ არის. რომ შევაჯამოთ, უბრალოდ ვიტყვი, რომ დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში ძალიან საგანგაშოა ევროკავშირისთვის და ეს ვითარება შეუმჩნეველი არ დარჩება".
ამასთან, იგი გამოეხმაურა 19 აპრილის შეთანხმებაში არდაბრუნების თაობაზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას და შემდეგი აღნიშნა:
"თუ ბატონი კობახიძე და მისი პარტია 19 აპრილის შეთანხმებას კონსტიტუციური ჩარჩოდან დროებით გასვლად მიიჩნევდა, მათ ამის თაობაზე არც ევროკავშირისა და არც ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის არ უცნობებიათ".
"მე უკვე ეჭვი მეპარება ევროკავშირში გაწევრიანებისა და ევროპული გზის თვალსაზრისით ამ მთავრობის განცხადებებისა და პრიორიტეტების გულწრფელობაში", – დასძინა ევროპარლამენტარმა.
ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. 28 ივლისს პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".
"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".
"ოცნების" ხსენებულ ნაბიჯს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისგან, აშშ–ისა და ევროკავშირისგან კრიტიკული განცხადებები მოჰყვა. ისინი მმართველ პარტიას მოუწოდებენ, დაუბრუნდეს 19 აპრილის შეთანხმებას.