ბაზარზე გერმანიაში წყალდიდობით დაზიანებული ავტომანქანების გამოჩენის გამო შიშობენ – არსებობს თუ არა მსგავსი რისკი საქართველოში?
27/07/2021 08:32:29 ეკონომიკა
სლოვაკეთში შიშობენ, რომ ბაზარზე შესაძლოა, გერმანიიდან, ბელგიიდან და ნიდერლანდებიდან წყალდიდობის შედაგად დაზიანებული ავტომანქანები გამოჩდნენ.
როგორც აღინიშნა, სლოვაკეთში აღნიშნული ქვეყნებიდან ყოველწლიურად ათიათასობით მანქანა შედის, ავტომოვაჭრეები აუცილებლად შეეცდებიან, დატბორილი მანქანები გაასაღონ.
„ჩვენი გამოცდილებით, დატბორილი მანქანები დილერების პროდუქციასა თუ რეკლამებში წყალდიდობიდან მალევე ჩნდებიან,“ - აცხადებს AURES Holdings-ის ოპერაციების დირექტორი პეტრ ვანეჩეკი, რომლის კომპანიაც AAA Auto-სთვის ავტოსალონების ქსელს მართავს.
მისი განმარტებით, დატბორვის შემდეგ მანქანაში ყველა ელექტრომოწყობილობა უნდა შეიცვალოს, რაც ასობიდან ათასი ევროს დანახარჯს მოითხოვს, „ამიტომ, დატბორილი მანქანები ადგილზე პრაქტიკულად არ იყიდება და მათი ექსპორტი შესაძლოა, ჩეხეთში ან სლოვაკეთში მოხდეს“.
არის თუ არა მსგავსი რისკი საქართველოში?
მსგავს რისკს ხედავს საქართველოს ავტო-იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი:
„ვერავინ განსაზღვრავს წინასწარ, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ასეთი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი ნამდვილად შემოვა“.
ცნობისთვის, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან და ბელგიიდან იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების წილი საქართველოს მთლიან იმპორტში დაახლოებით 10%-ია.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში სულ შემოვიდა 46 261 ერთეული მსუბუქი ავტომობილი (371,403 მლნ დოლარის ღირებულების) აქედან:
· გერმანიიდან - 3 528 ერთეული (33,667 მლნ დოლარი);
· ბელგიიდან -602 ერთეული (2,271 მლნ დოლარი);
· ნიდერლანდებიდან - 420 ერთეული (1,452 მლნ დოლარი)
ცნობისათვის: გერმანიის რამდენიმე ფედერალურ მიწაზე, ბელგიასა და ნიდერნალდებში უპრეცედენტო სტიქიამ ქალაქები და სოფლები დააზარალა. დაიტბორა სახლები, განადგურდა ათასობით ავტომობილი.


