Accentnews.ge
100–ზე მეტი გარდაცვლილი და ასობით დაკარგული – რა ხდება გერმანიაში, შვეიცარიაში, ლუქსემბურგში, ნიდერლანდებსა და ბელგიაში

100–ზე მეტი გარდაცვლილი და ასობით დაკარგული – რა ხდება გერმანიაში, შვეიცარიაში, ლუქსემბურგში, ნიდერლანდებსა და ბელგიაში

16/07/2021 12:55:14 მსოფლიო

გადაუღებელი წვიმების შედეგად ჩრდილო დასავლეთ ევროპაში მდინარეები ადიდდა და გერმანიაში, შვეიცარიაში, ნიდერლანდებსა და ბელგიაში მსხვერპლთან ერთად სერიოზული პრობლემები შექმნა.

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა. სტიქიას 43 ადამიანი ჩრდილოეთ რაინის-ვესტფაილის მიწაზე, ხოლო 60-ზე მეტი რაინლანდ-პფალცში ემსხვერპლა. 1300–ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

ხალხის დასახმარებლად ვერტმფრენები და 15 000–მდე სამხედრო, პოლიციელი და მაშველი მუშაობს. პოლიციის ინფორმაციით, დახმარების მოლოდინში სახლების სახურავებზე ათეულობით ადამიანი ელოდებოდათ. რიგ რაიონებთან შეწყვეტილია სატელეფონი კავშირიც. დასავლეთ გერმანიაში დაიკეტა სკოლები, ხოლო სატრანსპორტო მოძრაობა მთლიანად დარღვეულია. შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება, შეფერხებით მუშაობს სარკინიგზო ტრანსპორტიც.

რაინის-ვესტფალიის მიწის ხელმძღვანელმა მალუ დრაიერმა სტიქიას "კატასტროფული" უწოდა. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი, რომელიც აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, განაცხადა, რომ მომხდარით შოკირებულია. მან გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და განაცხადა, რომ "გერმანელები გაჭირვებაში მარტო არ დარჩებიან". დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სამთავრობო შენობებზე დროშებს დაუშვებენ.

ბელგიაში წყალდიდობას ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სულ მცირე, 23 ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქ ლიეჟეში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა. სამხრეთ ბელგიაში სარკინიგზო მიმოსვლა სრულად შეჩერდა. ვალონიის რეგიონში 41000-ზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენული.

ათასობით ადამიანია ევაკუირებული ნიდერლანდების სამხრეთით მდებარე რეგიონებიდან. სამხრეთ ლიმბურგში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში მდინარე აარეს წყლის დონე ძალიან სწრაფად იზრდება. საგზაო და სარკინიგზო კავშირის უმეტესობა დაკეტილია.

სტიქია მძვინვარებს ლუქსემბურგშიც. განხორციელდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია. წყალდიდობამ დააზიანა გზები, შეფერხებით მუშაობს სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტიც.

სინოპტიკოსები არადამაიმედებელ პროგნოზს აკეთებენ. მათი თქმით, წვიმები ევროპაში კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

მეცნიერების თქმით, ისინი წლებია, აფრთხილებდნენ მსოფლიო, მათ შორის ევროპის ლიდერებს, რომ კლიმატის ცვლილების გამო ზაფხულში ნალექები და სიცხეები უფრო ინტენსიური გახდებოდა.

"სინოპტიკოსებმა ერთ–ერთი უკანასკნელი გაფრთხილება მიმდინარე კვირის დასაწყისში გასცეს, თუმცა მას საკმარისად სერიოზულად არ მიუდგნენ და სამზადისიც არაადეკვატური იყო. სასწრაფოდ არის ზომები მისაღებ კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად", – აცხადებს რედინგის უნივერსიტეტის ჰიდროლოგიის პროფესორი ჰანა კლოკი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S