Accentnews.ge
შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-თან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს

შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-თან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს

22/07/2021 11:07:45 მსოფლიო

შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-თან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმება რუსეთისადმი სანქციებს ითვალისწინებს - იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგო რესურსებს უკრაინის საწინააღმდეგო ბერკეტად გამოიყენებს.

შეთანხმების თანახმად, უკრაინა მწვანე ტექნოლოგიების განვითარებისთვის კრედიტის სახით 50 მილიონ დოლარს და გაზის ტრანზიტის საფასურის დაფარვის გარანტიას მიიღებს, საუბარია 2024 წლის ჩათვლით დაკარგულ თანხაზე. ამ ეტაპზე "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებლობის 98% დასრულებულია.

გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ რუსული გაზის ევროპაში მიწოდებას უკრაინის გვერდის ავლით, ბალტიის ზღვის გავლით ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე: „რუსული გაზი არ უნდა გახდეს იარაღი“ – მერკელმა და ბაიდენმა უკრაინასა და კრემლის პროექტზე ისაუბრეს

რა არის პროექტი "ჩრდილოეთის ნაკადი -2"

პროექტი "ჩრდილოეთ ნაკადი-2", რომელიც რუსული გაზის გერმანიისკენ ბალტიის ზღვის ფსკერით ტრანსპორტირებას ითვალისწინებს, თითქმის დასრულებული იყო, როდესაც ამერიკული სანქციების გამო “გაიყინა”. 2019 წლის დეკემბრიდან სამუშაოები შეწყდა. თუმცა 2020-ის მაისის დასაწყისში გაჩნდა ცნობა: რუსეთი გეგმავს, მშენებლობა უცხოელი კონტრაქტორების გარეშე, ხომალდ "Академик Черский"-ს მეშვეობით დაასრულოს, რომელიც გერმანულ პორტ მუკრანის აკვატორიაში ჩამოდგა. ამ ცნობის საპასუხოდ აშშ რუსული “გაზპრომისა” და რამდენიმე ევროპული ენერგოკომპანიის ერთობლივ პროექტს ახალი სანქციებით დაემუქრა. თავის ბოლო სამუშაო დღეს, 19 იანვარს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სანქციები დაუწესა რუსულ კომპანია KVT-RUS-ს, რომელიც ზღვის ფსკერზე მილების გამყვანი გემის მფლობელია. ამერიკაში არჩევნებისა და ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, კერძოდ, 5 თებერვლიდან „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის პროცესი კვლავ განახლდა. მშენებლობის შესაჩერებლად ამერიკის კონგრესის ორპარტიული თანხმობით, კონგრესმენები და სენატორები ჯო ბაიდენისგან მოითხოვდნენ, რომ მას ამ პროექტის წინააღდმდეგ დამატებითი სანქციები დაეწესებინა. 20 მაისს ცნობილი გახდა, რომ აშშ–მა "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებელ კომპანიას "ჩრდილოეთ ნაკადი 2 AG" სანქციები მოუხსნა. ამასთან, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მათიას ვარნინგისთვის დაწესებული სანქციებიც გააუქმა და ბაიდენმა ახალ სანქციებზე უარი განაცხადა.

“ჩრდილოეთ ნაკადი 2" მოწოდებულია, უზრუნველყოს რუსული ენერგორესურსების მიწოდება კიევისგან დამოუკიდებლად, რომელთანაც მოსკოვს უკვე მრავალწლიანი კონფლიქტი აქვს, მათ შორის – გაზის ტრანზიტის საკითხთან დაკავშირებით.

„ჩდილოეთის ნაკადი 2“ მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა გაზსადენია, რომელიც 1,200 კილომეტრის სიგრძისაა და წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრის გაზის გადაქაჩვა შეუძლია რუსეთიდან გერმანიაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S