Accentnews.ge
მოსკოვი თბილისს მორიგ ბრალდებებს უყენებს

მოსკოვი თბილისს მორიგ ბრალდებებს უყენებს

21/07/2021 09:20:53 პოლიტიკა

მოსკოვი ღია ცის შესახებ შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილებას არ შეცვლის, - განაცხადა დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.

«გადაწყვეტილების გადახედვა არ იქნება, ამ მატარებელმა უკვე ჩაიარა, ბატონებო და ქალბატონებო. რეალურად რომ ყოფილიყავით დაინტერესებული იმაში, რომ რუსეთი ამ შეთანხმებაში ყოფილიყო, სხვაგვარად იმოქმედებდით», – განაცხადა რიაბკოვმა ღია ცის შესახებ შეთანხმების მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე და დასძინა, რომ რუსეთს "ეს შეთანხმება სულაც არ სჭირდებოდა უფრო მეტად, ვიდრე დანარჩენებს".

"ამ შეთახმებისადმი მოსკოვის მიდგომა არასოდეს კონვერტირდებოდა იმგვარ ილეთებში, რომლებსაც წლების განმავლობაში მისი ოპონენტების დიდი ჯგუფი იყენებდა საქართველოს ჩათვლით. ეს გამოიხატებოდა, მათ შორის, სწრაფვაში, შეიარაღებაზე კონტროლის მექანიზმები წმინდა პოლიტიკური პრობლემების გადაჭრისთვის გამოეყენებინათ. ჩვენი მიდგომა კი საპირისპირო იყო: იქ, სადაც ღია ცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით სირთულეები იქმნებოდა, ვცდილობდით, შეგვეთავაზებინა გადაწყვეტილებები, რომლებიც არ უკავშირდებოდა ჩვენი ერთობლივი მუშაობის ამა თუ იმ მიმართულების პოლიტიკურ და მით უფრო ტერიტორიულ ასპექტებს. სამწუხაროდ, სწორედ საქართველომ მოახდინა ჩვენი კონსტრუქციული წინადადებების საბოტირება. სწორედ საქართველო ახდენდა ამ საკითხების უკიდურეს პოლიტიზირებას, თბილისის უკან მდგომი ძალები კი ქართულ მხარეს აქეზებდნენ. უდავოდ, ჩვენი კონსტრუქციული წინადადებებისადმი ეს ნეგატიური დამოკიდებულება ერთ-ერთ ფაქტორად იქცა ამჟამინდელი სავალალო მდგომარეობისა, თავად შეთანხმების არსებობის გაგრძელების კუთხით ამჟამინდელი პრობლემების ჩათვლით», – დასძინა მინისტრის მოადგილემ.

ღია ცის შესახებ შეთანხმება 2002 წლიდან მოქმედებს. მისი ხელმომწერი 30 სახელმწიფო ერთმანეთს სამხედრო აქტივობის მონიტორინგისთვის მოკლე ფრენების უფლებას აძლევს.

გასული წლის ნოემბერში ვაშინგტონმა განაცხადა, რომ შეთანხმებას ტოვებდა და მიზეზად მოსკოვის მხრიდან სისტემატიური დარღვევები დაასახელა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე აცხადებდნენ, რომ სწორედ რუსეთი არღვევდა წლების განმავლობაში ამ შეთანხმების პირობებს, კერძოდ, 2010 წლიდან მოყოლებული, ცდილობდა, ეს დოკუმენტი ოკუპირებული ტერიტორიების ლეგიტიმაციისთვის გამოეყენებინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S