„ლექსო დღეს არის მსხვერპლი!“ – გარდაცვლილი ოპერატორის მეუღლე მიმართვას ავრცელებს
12/07/2021 12:51:02 საზოგადოება
„ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მეუღლე გვერდში დგომისთის ყველას მადლობას უხდის. ამასთან, ირინა ლომსაძე სხვა ყველა დანარჩენს კორექტულობისაკენ მოუწოდებს.
„მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო გვერდში დგომისთვის. სამწუხაროდ, დღეს ზარებსაც ვერ ვპასუხობდი. ასევე ყველა დანარჩენს მოვუწოდებ კორექტულობისკენ. ეს ადამიანი 10 წლის ბავშვის მამა იყო და ამ ბავშვმა ამ ქვეყანაში ჯერჯერობით უნდა იცხოვროს! რა პოზიციაც არ უნდა გეკავოთ, დამეთანხმეთ, რომ ლექსო დღეს არის მსხვერპლი!
უკვე ცხადია, იმ მოძალადე ჯგუფების პოზიციები დღევანდელი ამბის გაშუქების დასაწყისშივე… ეს მათთვის ლოგიკური დასასრული იყო. 5 ივლისიდან დაწყებული, მე პირადად როგორ შოკურ მდგომარეობაშიც ჩავვარდი, დღეს ამ ამბავმა კინაღამ ბოლო მომიღო. ოჯახს, ასეთ მძიმე ემოციურ ფონზე, როგორც მოგვექცა შინაგან საქმეთა სამინისტრო მე ვერ დავარქმევ სახელს! არ ვიცი… მეტად უფრო არაპროფესიონალიზმია პირველ რიგში…
თუმცა სხვა საკითხებიც არსებობს და ამაზე ამ წუთებში არ შემიძლია საუბარი. რა შედეგიც არ დაიდება საბოლოოდ… ეს არ მოხდებოდა! არა! იურიდიულად ატრიალეთ როგორც გინდათ …არ მოხდებოდა რომ დაგეცვათ“,- წერს ირინა ლომსაძე.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მღელვარების ფონზე, რაც ლაშქარავას გარდაცვალებამ დაამძიმა, შსს–მ ორი ბრიფინგი გამართა. ერთის მხრივ, შსს ირწმუნებოდა, რომ არ სურდა, საზოგადოებისთვის გარკვეული ვერსია მიეწოდებინა, თუმცა იმავდროულად, აქცენტი გაკეთდა ფონიჭალის დასახლებაზე, სადაც ყველაზე ხშირად აკავებენ პირებს ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით. აქცენტი ასევე გაკეთდა გარდაცვალებამდე ლაშქარავას „არაფხიზელ მდგომარეობაში“ ყოფნაზე.
იხილეთ ასევე: შსს–ს მიერ ირიბად გაჟღერებულ ვერსიას ლექსო ლაშქარავას დედა ეხმიანება
შეგახსენებთ იმასაც, რომ ლაშქარავას ცხედარი შინ გვიან ღამით გადაასვენეს. ექსპერტიზის დასკვნა დაახლოებით, 1 თვეში გახდება ცნობილი.
ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები, 5 ივლისის ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და შესაბამისად, ითხოვენ პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას.
დღეს ღარიბაშვილმა მოთხოვნის ავტორებს ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალა უწოდა.


