შსს–ს მიერ ირიბად გაჟღერებულ ვერსიას ლექსო ლაშქარავას დედა ეხმიანება
12/07/2021 12:35:43 საზოგადოება
შსს–ს მიერ ირიბად გაჟღერებულ ვერსიას „ტვ პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან ნარკოტიკების კავშირის თაობაზე, დედა ეხმიანება.
"4 დღე ადამიანს დილა-საღამოს მორფს უკეთებდნენ, იმას რა უნდა ფონიჭალაში? რა უნდა იშოვოს ან რათ უნდა? საშინელი ტკივილები იცოდა, ანტიბიოტიკებს ვუკეთებდი და თვალში სამნაირ წვეთს ვუწვეთებდი, მეტი არაფერი გამიკეთებია,"- აღნიშნა გარდაცვლილი ლექსო ლაშქარავას დედამ.
დედა ამბობს, რომ დასკვნა მისთვის და მისი შვილისთვის აღარაფერს შეცვლის, მაგრამ სვამს კითხვას, შვილის ცხედარი სამართალდამცველებმა სახლიდან იმიტომ გასტაცეს, რომ მერე ლაშქარავას შვილს „წამოაძახონ?“.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მღელვარების ფონზე, რაც ლაშქარავას გარდაცვალებამ დაამძიმა, შსს–მ ორი ბრიფინგი გამართა. ერთის მხრივ, შსს ირწმუნებოდა, რომ არ სურდა, საზოგადოებისთვის გარკვეული ვერსია მიეწოდებინა, თუმცა იმავდროულად, აქცენტი გაკეთდა ფონიჭალის დასახლებაზე, სადაც ყველაზე ხშირად აკავებენ პირებს ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით. აქცენტი ასევე გაკეთდა გარდაცვალებამდე ლაშქარავას „არაფხიზელ მდგომარეობაში“ ყოფნაზე.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ლაშქარავას ცხედარი შინ გვიან ღამით გადაასვენეს. ექსპერტიზის დასკვნა დაახლოებით, 1 თვეში გახდება ცნობილი.
ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები, 5 ივლისის ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და შესაბამისად, ითხოვენ პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას.
დღეს ღარიბაშვილმა მოთხოვნის ავტორებს ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალა უწოდა.


