Accentnews.ge
"თალიბანმა" კონტროლი ირან–ავღანეთის საზღვრის მნიშვნელოვან ნაწილზეც დაამყარა – რა ხდება ამ დროისთვის ავღანეთში

"თალიბანმა" კონტროლი ირან–ავღანეთის საზღვრის მნიშვნელოვან ნაწილზეც დაამყარა – რა ხდება ამ დროისთვის ავღანეთში

09/07/2021 13:18:52 მსოფლიო

"თალიბანმა" ავღანეთიდან აშშ-ისა და ნატო-ს სხვა ქვეყნების სამხედროების გაყვანის პროცესის დაწყებისთანავე შეტევა წამოიწყო. ბოლო კვირების განმავლობაში თალიბებმა ხელში ჩაიგდეს მნიშვნელოვანი ტერიტორიები ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. სულ უფრო ხშირად ისმის შეშფოთება, რომ მათმა შეტევამ შესაძლოა, ქაბულის საერთაშორისოდ აღიარებული ხელისუფლების კრახი გამოიწვიოს.

"ისლამ ქალა" – ირანთან სავაჭრო კარიბჭე, რომელიც "თალიბანმა" აიღო

2019 წელი. ავღანეთის სასაზღვრო ძალები "ისლამ ქალას" პუნქტთან. ფოტო: AP

ცოტა ხნის წინ ავღანეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თალიბებმა ირან–ავღანეთის საზღვრის მნიშვნელოვან ნაწილზე – გამშვებ პუნქტ "ისლამ ქალაზე" კონტროლი დაამყარეს. მათი ცნობით, ჰერათის პროვინციაში მდებარე გამშვები პუნქტი ერთ – ერთი უდიდესი სავაჭრო კარიბჭეა, რომელიც ავღანეთს ირანთან აკავშირებს. აღნიშნულ პუნქტზე ტვირთბრუნვის შედეგად ავღანეთის მთავრობის შემოსავალი ყოველ თვე დაახლოებით, 20 მლნ აშშ დოლარია.

”ავღანეთის უსაფრთხოების ძალები, მათ შორის სასაზღვრო ნაწილები გადასროლილია ჰერათის პროვინციაში და მიმდინარეობს მცდელობები ამ მნიშვნელოვანი ლოკაციაზე კონტროლის აღსადგენად”, - განუცხადა სააგენტო "ფრანს–პრესს" ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პრეს–სპიკერმა ტარეკ არიანმა.

როგორც "თალიბანის" პრეს–სპიკერი აღნიშნავს, ამჟამად "ისლამ ქალა" თალიბების ხელშია და მის დათმობას არავინ აპირებს.

ქვეყნის რა ნაწილს აკონტროლებს ამ დროისთვის "თალიბანი"

ამერიკული და დასავლური კოალიციის ძალების გასვლის პარალელურად თალიბები ქვეყნის უფრო და უფრო მეტ ნაწილზე ამყარებენ კონტროლს.

როგორც თავად "თალიბანი" ირწმუნება, ქვეყნის ტერიტორიის 85%–ს უკვე აკონტროლებს. თუმცა ქვეყნის მთავრობა აცხადებს, რომ თალიბები ავღანეთის 400 ოლქიდან მესამედს აკონტროლებენ.

რა ხდება ავღანეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე

თურქმენეთის სამხრეთში, ქალაქ სერხეთაბადში მოსახლეობას სროლის ხმა ესმის. როგორც ირკვევა ხმა მოსაზღვრე ავღანური დაბიდან - თურგუნდიდან მოდის.

გავრცელებული ცნობების თანახმად, ბოლო 7 დღეში "თალიბანის" მებრძოლებმა უბრძოლველად ჩაიგდეს ხელში ჰერათის პროვინციის ხუთი რაიონი. ავღანეთის უსაფრთხოების ძალების 1000-ზე მეტი წევრი ტაჯიკეთში გაიქცა, რადგან მათ პოზიციებს თალიბები უახლოვდებოდნენ და უსაფრთხოების ძალებს მტრის მოგერიება არ შეეძლოთ.

როგორც ტაჯიკეთის ხელისუფლება აღნიშნავს, რადიკალი ისლამისტების კონტროლქვეშ ამჟამად ავღანეთთან საზღვრის დაახლოებით 2/3-ია. მთლიანობაში საზღვრის პერიმეტრი 1350 კმ-ს აღემატება.

დუშანბეში ასევე ამბობენ, რომ დევნილების ტალღას ელიან და უკვე დაიწყეს ქვეყანაში გადასულთა საკვებითა და საცხოვრისით უზრუნველყოფა.

8 ივლისს ტაჯიკეთმა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (სამხედრო ალიანსი რუსეთის ხელმძღვანელობით, რომელიც რამდენიმე პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს აერთიანებს) ქვეყნებს ავღანეთთან საზღვრის დაცვაში დახმარების თხოვნით მიმართა.

დუშანბეს თხოვნას წინ უძღოდა განცხადება მოსკოვიდან. "საჭიროების შემთხვევში რუსეთი მზადაა, დამატებითი ნაბიჯები გადადგას საზღვრების უსაფრთხოების დაცვაში ტაჯიკეთის დასახმარებლად", - განაცხადა 6 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ.

შეგახსენებთ, რომ ტაჯიკეთის ტერიტორიაზე რუსეთის 201-ე სამხედრო ბაზა მოქმედებს. ეს რუსეთის უმსხვილესი სამხედრო ობიექტია ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

რუსეთის როლი ავღანეთში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-საიტზე განთავსდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი ავღანეთის საკითხებში ზამირ ქაბულოვი "თალიბების მოძრაობის პოლიტიკური ოფისის დელეგაციას" შეხვდა და კონსულტაციები გამართა. საუბარია რუსეთში ოფიციალურად აკრძალულ და ტერორისტულად გამოცხადებულ ორგანიზაცია "თალიბანზე", რომელიც ამჟამად ავღანეთში საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებს: კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს, იკავებს დასახლებულ პუნქტებსა და ტაჯიკეთთან საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებს. საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ "დიპლომატიური შეხვედრის დროს მხარეებმა ავღანელთაშორისი მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივები" განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ოპოზიციური გაერთიანება «Яблоко»-ს წარმომადგენელმა, უფლებადამცველმა მარინა ლიტვინოვიჩმა ქვეყნის ცსკ-ს მმართველი პარტია "ერთიანი რუსეთის" საარჩევნო სიის რეგისტრაციაზე უარის თქმა მოსთხოვა. საფუძვლად დასახელებულია ფედერალური სიის ერთ-ერთი წევრის - საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის კავშირი რუსეთში ტერორისტულად გამოცხადებულ, აკრძალულ ორგანიზაცია "თალიბანთან".

"ცსკ-ს საჩივრით მივმართე, რომელშიც ვითხოვ, უარი ეთქვას მმართველ პარტიას მისი საარჩევნო სიის არსებული შემადგენლობით რეგისტრაციაზე. მიზეზი მასში სერგეი ლავროვის არსებობაა, რომელიც არაერთგზის შეჰხვედრია რუსეთში აკრძალული ორგანიზაცია "თალიბანის" წარმომადგენლებს. ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, მსგავს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალებათ. ამგვარად, სერგეი ლავროვი, როგორც მმართველი პარტია "ერთიანი რუსეთის" ფედერალური სიის წევრი, კავშირშია ორგანიზაცია "თალიბანის" მოქმედებასთან, რომელიც რუსეთში ტერორისტულად არის გამიცხადებული. ლავროვი თანამშრომლობდა ამ ორგანიზაციასთან მანამდეც და არ შეუწყვეტია ეს თანამშრომლობა "თალიბანის" ტერორისტულად გამოცხადების შემდეგაც. აქედან გამომდინარე, მმართველი პარტია "ერთიანი რუსეთის" ფედერალური სია, რომელიც ცსკ-ს წარედგინა, არსებული შემადგენლობით ვერ დამტკიცდება», – განმარტავს ლიტვინოვიჩი და პარტიის საარჩევნო სიის რეგისტრაციის უარყოფას მოითხოვს.

როგორც უფლებადამცველი აღნიშნავს, მსგავსი გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება იქიდან გამომდინარეც, რომ იმავე საფუძვლით გასულ კვირას არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს პოლიტიკოსებს ოლეგ სტეპანოვსა და ილია იაშინს.

რა თქვა ბაიდენმა

8 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ავღანეთს დაგეგმილზე ადრე – 31 აგვისტოსთვის დატოვებს.

"მე არ გავგზავნი ამერიკელების კიდევ ერთ თაობას ავღანეთში. [...] ახლა ავღანელებმა თავად უნდა დაიცვან თავისი ქვეყანა", განაცხადა ბაიდენმა.

მანამდე, იგი აცხადებდა, რომ ამერიკული კონტინგენტი ავღანეთს 11 სექტემბრისთვის დატოვებდა. თუმცა როგორც ბაიდენმა აღნიშნა, პენტაგონის მონაცემებით, გამოსვლა უსაფრთხოდ და ისეთი ტემპებით მიმდინარეობს, რომ ამერიკელები ქვეყანას იკვე 31 აგვისტოსთვის დატოვებენ.

Associated Press–ის ინფორმაციით, ავღანეთში დაახლოებით, 650 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის დარჩენა იგეგმება, რათა უზრუნველყონ დიპლომატებისა და ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის დაცვა.

გეგმის მიხედვით, როგორც აშშ–მა, ისე ნატო–მ ავღანეთი 11 სექტემბრამდე უნდა დატოვონ.

ავღანეთი და საქართველო

ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში 17-წლიანი მისია 2021 წლის 28 ივნისს დაასრულეს.

საქართველოს თავდაცვის ძალები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე NATO-ს საერთაშორისო მისიას, „საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების“ (ISAF) შემადგენლობაში პირველად, 2004 წლის აგვისტოში შეუერთდა. 2015 წლის პირველი იანვრიდან, ავღანეთში, NATO-ს საერთაშორისო მისიამ სახე იცვალა და „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) ფორმატით გაგრძელდა, რაშიც ქართველი სამხედროები ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ. ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით საქართველო უმსხვილესი კონტრიბუტორი გახდა.

2004 წლიდან დღემდე სხვადასხვა დონეზე ჩატარებული 107 როტაციის ფარგლებში (ISAF, RSM), ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 000–ზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა.

ამავე თემაზე: ბაგრამის ბაზა – "თალიბანისა" და "ალ–ქაედას" წინააღმდეგ აშშ–ისა და NATO-ს 20–წლიანი ომის ეპიცენტრი

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S