
ბაგრამის ბაზა – "თალიბანისა" და "ალ–ქაედას" წინააღმდეგ აშშ–ისა და NATO-ს 20–წლიანი ომის ეპიცენტრი
04/07/2021 14:14:10 მსოფლიო, თავდაცვა
ავღანეთში, ბაგრამის ბაზა "თალიბანისა" და "ალ–ქაედას" წინააღმდეგ აშშ–ისა და NATO-ს 20–წლიანი ომის ეპიცენტირი იყო.
ბაგრამის ბაზა 1950 – იან წლებში საბჭოთა არმიამ ააშენა და 1980–იან წლებში მისი მთავარი ბაზა იყო. საბჭოთა არმიამ ავღანეთი 1989 წელს დატოვა. მისი გასვლიდან 3 წლის შემდეგ მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი ადგილობრივი მთავრობა დაეცა, ქაოსი კი 1996 წელს "თალიბანის" მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდებით დასრულდა. აშშ და NATO 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ავღანეთში შევიდნენ. კერძოდ, აშშ-ის ხელმძღვანელობით კოალიციური ძალები ბაგრამზე 2001 წლის დეკემბერიდან განთავსდნენ. დროთა განმავლობაში იგი გადაიქცა უზარმაზარ ბაზად, რომელიც ერთდროულად 10 000-მდე ჯარისკაცს იტევდა.
2002 წლის მაისი. არმიის სერჟანტი ადგილობრივ ბავშვებს ფლაერებს ურიგებს
2001 წლის დეკემბერი. ამერიკელი ჯარისკაცი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ბაზასთან
2001 წელს ფაქტობრივად განადგურებული ბაზა ამერიკელებმა აღადგინეს. ამჟამად მისი ფართობი დაახლოებით, 77 კვ.კმ–ია. მას ემსახურება ორი ასაფრენი ბილიკი, რომელთა სიგრძე ორ მილზე მეტია. მისი საშუალებით დიდი ტვირთებისა და ბომბდამშენი თვითმფრინავების მიღებაა შესაძლებელი.
ამასთან, ადრე ბაზაზე საცურაო აუზები, კინოთეატრები და სწრაფი კვების ობიექტებიც, მათ შორის "ბურგერ კინგი" იყო განთავსებული.
2002 წლის მარტი. ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში გამართული ბრძოლების შემდეგ ამერიკელი ამერიკელი ჯარისკაცები ბაზაზე ბრუნდებიან
2006 წლის მარტი. ბაგრამის ბაზა. უმცროსი ჯორჯ ბუში ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად
ბაგრამის ბაზა. 2004 წელი. "ბურგერ კინგის" სატვირთო
გარდა ამისა, ბაზაზე განთავსებული იყო ციხე. იგი კონფლიქტის ყველაზე მწვავე პერიოდში ფუნქციონირებდა. იქ ხვდებოდნენ ამერიკელების მიერ დაკავებული ადამიანები და ციხე "ავღანეთის გუანტანამოს" სახელით იყო ცნობილი.
აშშ–ის ექს–პრეზიდენტები ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა და დონალდ ტრამპი ბაგრამის ბაზას სხვადასხვა დროს სტუმრობდნენ.
2006 წლის ივნისი. ამერიკელი ჯარისკაცები მობილიზებულები არიან ბაზასთან, სადაც თვითმკვლელმა ტერორისტმა თავდასხმა განახორციელა
2011 წელი. ამერიკელი ჯარისკაცი ლოცვის დროს, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტის ათი წლისთავის აღსანიშნავად ჩაატარეს
ბაგრამის ბაზა. 2013 წელი
სადღეისოდ ბაზა ამერიკულმა კონტინგენტმა სრულად დატოვა. როგორც შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, ბაზაზე კონტროლს ავღანეთის შეიარაღებული ძალები განახორციელებენ. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებით, 2021 წლის მაისში ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის პროცესი დაიწყო. გეგმის მიხედვით, როგორც აშშ–მა, ისე NATO–მ ავღანეთი 11 სექტემბრამდე უნდა დატოვონ.
Associated Press–ის ინფორმაციით, ავღანეთში დაახლოებით, 650 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის დარჩენა იგეგმება, რათა უზრუნველყონ დიპლომატებისა და ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის დაცვა.
ავღანეთის სამთავრობო ძალების მიერ ბაზის კონტროლი შესაძლოა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს ქაბულში უსაფრთხოებისა და თალიბებზე ზეწოლის შენარჩუნებისათვის.
"ბაგრამის ბაზიდან უცხოური ძალების გასვლა სიმბოლოა, რომ ავღანეთი მარტოა, მიტოვებულია და მარტოს მოუწევს თალიბების თავდასხმისგან თავდაცვა", - განუცხადა ავღანეთის საკითხებში ექსპერტმა ნიშანკ მოტვანმა სააგენტო Reuters-ს.
20201 წლის ივნისი. მამაკაცი, რომელიც ბაგრამის ბაზასთან მდებარე ჯართის მოსაგროვებელ ადგილზე, გამოყებად ნივთებს ეძებს
2021 წლის 1 ივლისი. ავღანელი ქალი ბაგრამის ბაზასთან
2021 წლის აპრილი. ავღანეთის ეროვნული არმიის (ANA) ჯარისკაცები ბაგრამის ბაზისთან მდებარე საგუშაგოზე
აღსანიშნავია, რომ ბაგრამზე NATO–ს მისიის ფარგლებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეებიც იყვნენ განთავსებულნი. მათ მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა. ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში 17-წლიანი მისია 2021 წლის 28 ივნისს დაასრულეს.
საქართველოს თავდაცვის ძალები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე NATO-ს საერთაშორისო მისიას, „საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების“ (ISAF) შემადგენლობაში პირველად, 2004 წლის აგვისტოში შეუერთდა. 2015 წლის პირველი იანვრიდან, ავღანეთში, NATO-ს საერთაშორისო მისიამ სახე იცვალა და „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) ფორმატით გაგრძელდა, რაშიც ქართველი სამხედროები ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ. ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით საქართველო უმსხვილესი კონტრიბუტორი გახდა.
2004 წლიდან დღემდე სხვადასხვა დონეზე ჩატარებული 107 როტაციის ფარგლებში (ISAF, RSM), ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 000–ზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა.