საპატრიარქოს ინიციატივა ძალადობრივი მოვლენების კონტექსტში – „კუდიანებზე ნადირობა“ თუ დაპირისპირების პრევენცია“?
08/07/2021 15:22:29 პოლიტიკა
5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ, საპატრიარქოს მხრიდან კვლავ გაჟღერდა „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის“ კანონმდებლობაში ასახვის აუცილებლობის საკითხი. თემა ამჯერად მეუფე შიომ გაახმოვანა, მისი საჭიროება კი ამ გზით 5 ივლისის მსგავსი მოვლენების პრევენციით დაასაბუთა. მეუფე შიოს არგუმენტაციას კატეგორიულად არ იზიარებს იურისტი გიორგი მშვენიერაძე და დრამატული პროცესების პრევენციას სწორედ რომ არსებული კანონმდებლობის რეალურ ცხოვრებაში ეფექტურად მოქმედებაში ხედავს:
„რომ არ განმეორდეს, აუცილებელია მოძალადე დამნაშავეების დასჯა, ძალადობისკენ მომწოდებელი პირების პასუხისგებაში მიცემა, როლებიც გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს! ესაა პრევენცია და არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა! თუ მსგავსი [გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა– რედ.] ნაბიჯი მართლა გადაიდგა, ეს იქნება პირდაპირი განაცხადი, რომ შენი გზა მიდის რუსეთისკენ ან უარეს შემთხვევაში, ირანისკენ“.
უნდა აღინიშნოს, რომ კანონში მსგავსი დეფინიციის გაჩენის მცდელობის ეს პირველი შემთხვევა არაა: ჯერ კიდევ 2012 წლის მოწვევის პარლამენტში დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანს გაუჩნდა მსგავსი ინიციატივა. მაშინდელმა ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი კანონის მიღება საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ განვითარებას. კანონპროექტი მაშინ უარყოფითად შეაფასა საერთაშორისო უფლებადაცვითმა ორგანიზაცია Amnesty International-მა. ორგანიზაციის განცხადებით, ჯაჭვლიანის ინიციატივა ძირს უთხრიდა სიტყვის თავისუფლებას. საბოლოოდ, ხელისუფლებას აღნიშნული კანონი არ მიუღია. მას შემდეგ კიდევ ორი მსგავსი მცდელობა იყო. შემდეგ კი მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებების ფონზე, მმართველი გუნდის რიგი წევრების, ასევე პრეზიდენტის მხრიდანაც გაჟღერდა ამ შემთხვევაში ცილისწამების აკრძალვის თაობაზე გარკვეული მოსაზრებები და ყოველ მცდელობას საზოგადოების ნაწილის მხრიდან მწვავე წინააღმდეგობა მოჰყვა, შიშობენ რა, რომ ამ გზით სახელმწიფო კონსტიტუციის გარანტირებული უფლების და მნიშვნელოვანი მონაპოვრის – გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას სწორედ რომ მისთვის მიუღებელი და არასასურველი ადამიანების წინააღმდეგ გამოიყენებს.
სწორედ შეურაცხყოფასა და ცილისწამებაზე გაამახვილა ყურადღება თემის კომენტირებისას საპატრიარქოს პრეს–სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ და აღნიშნა, რომ „ეს ყველას პრობლემაა“:

„ყველამ ერთად უნდა ვიმსჯელოთ, ეს ყველას გვეხება. ვხედავთ, რომ ხშირ შემთხვევაში გადაცდომებია, რაღაც ზღვრის გადალახვა ხდება. ყველამ უნდა იმსჯელოს ამაზე“.
თუმცა, აღიარებს იმასაც, რომ განისაზღვროს კონკრეტულად, მაინც რა არის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, რთულია: „რთული განსასაზღვრია და ამაზე უნდა მოიკრიბოს საერთაშორისო გამოცდილება და იმსჯელონ იურისტებმა“.
„აქცენტი“ შეეცადა, საპატრიარქოს იურისტთან ედიშერ ქარჩავასთან გაერკვია, საპატრიარქოს მხრიდან ინიციატივით არაერთგზის გამოსვლის შემდეგ, მაინც როგორ ფორმულირებას უჭერენ მხარს:

„ეს იყო მოსაზრება და ჯერ სამართლებრივ ჭრილში არ გადავსულვართ, რომ რაიმე ცვლილებაზე გვქონდეს საუბარი. მან [მოსაყდრე შიომ – რედ.]თქვა, „სასურველია, ყველამ ვიფიქროთ ამაზე, რა შეიძლება, საკანონმდებლო დონეზე შეიცვალოსო“. ამიტომ, ჯერ რაიმე დოკუმენტზე არ ვმუშაობთ“.
„აქცენტმა“ იურისტს შეახსენა, რომ ეს პირველი ინიციატივა არაა და დაინტერესდა, არსებობს თუ არა პროექტზე გარკვეული წარმოდგენა, იურისტმა კი გვიპასუხა: „არა. უშუალოდ ჩვენი იურიდიული სამსახური ამაზე არ მუშაობს“.
პერსპექტივა: „მართლმადიდებლური ირანი“
სწორედ ამგვარად ხედავს მცდელობების მიზანს იურისტი გიორგი მშვენიერაძე:

„იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვუყურებთ, საპატრიარქო ვერ აცნობიერებს, რა შედეგამდე მიიყვანა საზოგადოება მისმა მოწოდებებმა, დააპირისპირა ხალხი. ნაცვლად იმისა რომ ეს გააცნობიეროს, მიხვდეს თანასწორობის, გამოხატვის თავისუფლების ფასს, კიდევ უფრო ამძაფრებს ვითარებას და ითხოვს დუმილის დაწესებას ყველა იმ სიტყვაზე, რომელიც მათთვის იქნება მიუღებელი. ეს სრულად შეუსაბამოა დემოკრატიულ საზოგადოებასთან, საქართველოს კონსტიტუციასთან და იმ მოდელთან, რომლის აშენებაც თავად კონსტიტუციით გვინდა. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან საპატრიარქოში არ თვლიან თავს ჩვენი საზოგადოებრივი ხელშეკრულების – ჩვენი კონსტიტუციის ნაწილად, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ძვირფასი უნდა იყოს. ეს პირველი შემთხვევა არაა და მათი მიზანმიმართული პოლიტიკაა, ქვეყანა დაამსგავსონ „მართლმადიდებლურ ირანს“, რაც აქამდე არ გამოსდით და იმედია, მომავალშიც არ გამოუვათ, მაგრამ მცდელობას არ აკლებენ. „მართლმადიდებლური ირანი“ იქნება ღარიბი მაგრამ იარსებებენ სადამსჯელო რაზმები, რომლებიც სიტყვას, ჩაცმულობას, გამოხატვის ფორმებს გაუკონტროლებს საზოგადოებას და სახელმწიფოსგან გვერდის ავლით ან სახელმწიფოსთან თანამშრომლობით დასჯის მათ. ასეთი სახელმწიფოს შექმნას ცდილობენ“.
თანამედროვე პრაქტიკა: „კუდიანებზე ნადირობა“
„ლელოს“ წევრი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი "აქცენტთან" ზოგადად განმარტავს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილების მიღებამდე, ვიდრე ვიმსჯელებთ მის შინაარსზე, მოცულობაზე, სანქციებზე, აუცილებელია, მისი საჭიროება დასაბუთდეს, საერთაშორისო პრაქტიკის კონტექსტში კი გვიამბობს, რომ მსგავსი ტიპის აკრძალვები მათ შორის, ევროპის ქვეყნებში საკმაოდ გავრცელებული იყო, თუმცა მე– 18–19 და მე–20 საუკუნის დასაწყისში, სადღეისოდ კი მოქმედებს ავტორიტარულ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური პრობლემების მქონე ხელისუფლებები მას ოპონენტების დევნის დამატებით ინსტრუმენტად იყენებენ:

„კანონის მთავარი ფუნქციაა, ის იყოს ზუსტი და ცხადი – გასაგები იყოს მოქალაქისთვის, ხელისუფლებისთვის და მესამე პირისთვისაც, რა იკრძალება. ზოგადად რელიგია იმდენად ფაქიზი და ვრცელი თემაა, რომ წმინდა სამართლებრივად ამის კონკრეტულად გაწერა, რომ არ დატოვოს სივრცე მანიპულაციისთვის, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. და როგორც კი (თუნდაც კარგი მიზნით) მიღებული კანონი სივრცეს ტოვებს მანიპულაციისთვის, ხელისუფლების ხელში „კუდიანებზე ნადირობის“ ინსტრუმენტი ხდება. ამ კანონს ავტორიტარულ ქვეყნებში სწორედ ამგვარი პრაქტიკა აქვს. ამაშია პრობლემა. შეიძლება, რომელიმე ევროპული სახელმწიფო მოვძებნოთ, სადაც კანონში ამგვარი რამ წერია, მაგრამ პრაქტიკაში აღარ გამოიყენება, რადგან ქვეყნები განვითარდნენ და მიხვდნენ, რომ არ შეიძლება, სახელმწიფოს ხელში მსგავსი ბასრი იარაღი ჰქონდეს, რათა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს“.
ამდენად, ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ ეს პრორუსული პაკეტის ნაწილია, რომელიც ხელისუფლებას მისცემს იარაღს, დაიწყოს „კუდიანებზე ნადირობა“ კანონის ძალით:
„ეს არის ძალიან სახიფათო გზა, რომელიც „ტაძრამდე“ ნამდვილად არ მიგვიყვანს!“.
კონტექსტი
ნაცვლიშვილი გვირჩევს, სურათს ფართო კონტექსტში შევხედოთ, პრობლემებს თვალი გავუსწოროთ და ამ კუთხით ის ხელისუფლების ინტერესზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც, მისი ხედვით, ყველა მიმართულებით განცდილი კრახის ფონზე, ძალაუფლების შესანარჩუნებლად დასაყრდენს ეძებს, ამავე მიზნით აღრმავებს პოლარიზაციას საზოგადოებაში, იყენებს რელიგიურ თემებს, ქმნის კომფორტის ზონას, ცდილობს „ორი სახის“ მორგებას. კერძოდ, ერთის მხრივ, აქცენტირებს „ეროვნულ ღირებულებებზე“, მეორეს მხრივ, კი მის ანგარიშზეა აფეთქებული კულტურული მემკვიდრეობა – საყდრისი; გელათის ირგვლივ განვითარებული დრამატული პროცესები – დაგვიანებული რეაგირება, ჩამორეცხილი ფრესკები; ოკუპანტ რუსეთთან მიმართებაში არაადეკვატური პოლიტიკა და ასევე, დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდის მიზანია, საქართველოსთვის ევროპის „კარის“ დახუროს:
„ჩემთვის ნათელია, რომ ეს რუსული სცენარის ნაწილია: აჩვენონ, თითქოს, ხელისუფლება არის ეროვნული იდენტობის და რელიგიის მცველი, ხოლო ოპოზიცია „გარყვნილი“ დასავლეთის წარმომადგენელი. ეს თვალთმაქცობაა! სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ საპატრიარქოს რიგი წარმომადგენლების მხრიდანაც კეთდება მსგავსი განწყობების გამაღვივებელი განცხადებები. მაგრამ, როგორც ჩანს, თავად საპატრიარქოშიც აზრები გაყოფილია –არიან სასულიერო პირები, რომლებიც გაბედულად, ღიად აფიქსირებენ მოსაზრებებს ძალადობის მიუღებლობის თაობაზე, მაგრამ ეს ხმა სამწუხაროდ, სუსტად ისმის. ისტორიულად, ეკლესიის როლი ყოველთვის იყო საქართველოს ევროპული მიმართულებით სვლის ხელშეწყობა მაშინ, როდესაც ის ძლიერი იყო. უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოს არჩევანის წინააღმდეგ დიდი გეოპოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს. ღირებულებები, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ ქრისტიანობის სახით, მაშინ, იმ კონტექსტში, როდესაც საქართველო მუსლიმური სამყაროთი იყო გარშემორტყმული, სწორედ პოლიტიკური განაცხადი იყო, რომ საქართველოს უნდოდა ევროპაში და შემდეგ ეს იქცა იდენტობის ნაწილად. დღეს კი სამწუხაროდ, ხელისუფლებას და რიგ სასულიერო პირებს სურთ, წარმოაჩინონ, რომ ევროპა და ქრისტიანობა შეუთავსებელია, რეალურად კი სულ პირიქითაა“.
ნაცვლიშვილი სვამს კითხვას, რა მოხდება მოვლენების საქართველოსთვის „დასავლური კარის“ დახურვის სცენარით განვითარების შემთხვევაში?
„იმ ძალადობის გამო, რომელიც ქალაქის ქუჩებში ორი დღის განმავლობაში ხდებოდა, ვნახეთ ასობით გაუქმებული ტურისტული ჯავშანი. ამ ზიანზე პასუხისმგებლობას ვინ აიღებს? ეს ხომ კონკრეტული მატერიალური ზიანია, რომელიც კონკრეტულმა ოჯახებმა მიიღეს? ერთ დღეს ევროპული ქვეყნების მთავრობებმა რომ გადაწყვიტონ, იქ სამუშაოდ მყოფ, მათ შორის, არალეგალ ქართველებს დაუხურონ ევროპის კარი, შეგვიწყვიტონ დახმარებები, შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, რა მოხდება? სწორედ ამ პრაქტიკულ დეტალებზე უნდა ვისაუბროთ. ურთიერთობები ორმხრივია. რუსეთი კი ნამდვილად არაა სახელმწიფო, რომელიც კარგად მოგვექცევა. საყოფაცხოვრებო დონეზე ჩვენ ევროპული არჩევანი უკვე გაკეთებული გვაქვს: როცა წამალი გვჭირდება, გერმანულს ვარჩევთ თუ რუსულს? რა თქმა უნდა, გერმანულს, თუ ფული გვაქვს; სად დამზადებულ ტექნიკას ვანიჭებთ უპირატესობას – დასავლეთში თუ რუსეთში? იგივე, თუნდაც რუს მაღალჩინოსნებს დასავლეთის ქვეყნებში ჰყავთ შვილები, რადგან იციან, რომ ის სამყაროა ადამიანზე ორიენტირებული, შესაბამისად, უკეთესი“.
ამდენად, დეპუტატი ხედავს ყველას პასუხისმგებლობას, ვინც რუსულ სცენარს, ნებსით თუ უნებლიედ, ხელს შეუწყობს და ფიქრობს, რომ მათ შორის, 5–6 ივლისის მოვლენების კონტექსტში მხოლოდ პოსტფაქტუმ ძალადობის დაგმობა საკმარისი არაა:
„როდესაც ხედავ, რომ შენი სახელით ძალადობენ, მყისიერი ვალდებულება გაქვს, ცხადი განმარტება გააკეთო. არის კითხვები, ხორციელდება თუ არა ეკლესიაზე შეტევა. ეკლესიას ვერავინ ისე ვერ დააზიანებს და რეპუტაციას ვერ შეულახავს, როგორც თავად ეკლესიის წიაღში მყოფი ადამიანების არასწორი პოზიციები, როდესაც ისინი მოუწოდებენ ძალადობისკენ, ან არ აჩერებენ ძალადობას, რომელიც „ღმერთის სახელით“ მიმდინარეობს. როდესაც გაქვს ავტორიტეტი და ძალა, უნდა გამოიყენო იმისთვის, რომ დაიცვა ადამიანები, რომლებსაც დევნიან. მე ასე მჯერა და მგონია, რომ ეს არის ეკლესიის და რელიგიის როლი და მსგავსი არაერთი მაგალითია საეკლესიო ისტორიაშიც. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ მსგავსი პოზიციის ქონა არ გულისხმობს ეკლესიის დამოკიდებულების ცვლილებას, იგივე ლგბტ ადამიანების მიმართ. არც ადამიანის უფლებათა სამართალი ავალდებულებს ეკლესიას, ან რომელიმე რელიგიურ დოქტრინას, შეიცვალოს შეხედულებები. რა უფლება აქვს სამართალს, შეიჭრას ეკლესიის დოქტრინაში?! ეს ასეა ყველა საერთაშორისო სტანდარტით. ამდენად, ვიმეორებ, ის, რომ დაიცვა დევნილი, ჩაგრული, ზიზღის ობიექტი, არ ნიშნავს, რომ შეიცვლება რელიგიური დოქტრინა. ეს წინააღმდეგობრივი თემაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ძალიან ბევრ საზოგადოებაში და ამ თემაზე ბევრი უნდა ვისაუბროთ, მათ შორის – ფართო კონტექსტში“.
რას ფიქრობენ „ოცნებაში“?

ამ ეტაპზე უცნობია, მიიღებს თუ არა ინიციატივა კანონპროექტის სახეს და რა მოხდება მას შემდეგ, რაც ის საკანონმდებლო ორგანოში აღმოჩნდება, თუმცა მმართველი გუნდის წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ „ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, საკანონმდებლო დონეზე რაიმე ტიპის ცვლილებაზე“ არ ფიქრობენ და ამბობს იმასაც, რომ „ზოგადად, ბუნებრივია, ნებისმიერი ტიპის რელიგიური გრძნობების მიმართ და საერთოდ, ადამიანის რწმენის მიმართ შეურაცხყოფები არ უნდა არსებობდეს. ეს, როგორც მინიმუმ, სამოქალაქო შეგნებაში უნდა იყოს“.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს "ყველა ჯანსაღ ინიციატივას, რომელიც ქართული ეკლესიის გაძლიერებას ხელს შეუწყობს":
„ვერ გიპასუხებთ კონკრეტულ კონტექსტზე, ვინ რა სიტუაციაში რა განცხადება გააკეთა, არ ვიცნობ კონკრეტულ იდეას და რა შინაარსი დგას უკან, გამიჭირდება, შევაფასო. თუ რაიმე პროექტი იქნება წარმოდგენილი კოლეგის მხრიდან, ჩვენ მას განვიხილავთ და ვიმსჯელებთ. მე ვიქნები ერთ-ერთი, ვინც მხარს დაუჭირეს, რომ არ მოხდეს ქართული ეკლესიის დისკრედიტაცია და პირიქით, გაძლიერდეს. როდესაც საუბარია ქართული ეკლესიის გაძლიერებაზე, ყველა ჯანსაღ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ეკლესიის გაძლიერებას, მხარს დავუჭერ. თუმცა, რაც შეეხება კონკრეტულ პროექტს, რაც არ მინახავს, რაც არ არის წარმოდგენილი, როგორ შეიძლება, ამაზე რამე გითხრათ? არ ყოფილა ჩვენთან რაიმე ტიპის კომუნიკაცია. მე ვიქნები, ვინც მხარს დაუჭერს ქართული ეკლესიის გაძლიერებას“.


