"დღევანდელი რომ აღარ განმეორდეს, ხომ არ არის დრო, დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ კანონმდებლობაში აისახოს რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის ცნება"
05/07/2021 14:47:31 საზოგადოება
"ხომ არ არის დრო, ხელისუფლებამ, საზოგადოებამ დავიწყოთ ფიქრი, რომ კანონმდებლობაში აისახოს რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის ცნება", – ამის შესახებ მეუფე შიომ ქაშვეთის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, სადაც მანამდე პარაკლისი ჩაატარა.
მისივე თქმით, ეკლესია ძალადობას ემიჯნება და რაიმე მოწოდებები თუ იყო სასულიერო პირების მხრიდან, ამაზე რეაგირება მოხდება.
„რასაც დღეს მთელ მსოფლიოში ვხედავთ და ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ცნებების აღრევა და ჩანაცვლება. როდესაც ცდილობენ, რომ უმძიმეს ცოდვას, როგორიცაა სოდომური ცოდვა, უწოდონ სიკეთე, ღირსება და წარმოადგინონ, როგორც ღირსება. ამას ჩვენი ერი და ეკლესია ვერასდროს შეეგუება, რადგან ეს არის დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმართულია, რომ ერი დააშოროს ღმერთმა, ქრისტეს, ჩვენს ტრადიციებს, ეკლესიას და მოხდეს ერის გადაგვარება. [...] ჩვენ ვიცით, რომ არა ერთი დიდი ერი გადაშენებულა ამ ცოდვის გამო. რამდენჯერაც იქნება ამგვარი ღონისძიების ჩატარების, ყოველთვის ჩვენი ერი გამთლიანდება ამის წინააღმდეგ ჩვენს ეკლესიასთან ერთად. ვწუხვართ, რომ იყო გადაცდომები, სამწუხარო შემთხვევები, არაკორექტული ქმედებები, დაზიანდა რამდენიმე ადამიანი. ჩვენ ამას ვერ ვღებულობთ, ვემიჯნებით, მაგრამ ვაფრთხილებდით ამ ღონისიძების ორგანიზატორებს, ხელისუფლებაც აფრთხილებდა, რომ ეს აუტანელი იქნებოდა, ერის გამოწვევა ხდება, ეს არის ძალადობა, ზეწოლა, მორალური, იდეოლოგიური ჩვენს სინდისსა და სულიერებაზე. ეს რომ აღარ განმეორდეს, ვფიქრობთ, ხომ არ არის დრო, ჩვენმა ხელისუფლებამ, საზოგადოებამ დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ კანონმდებლობაში აისახოს რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის ცნება“, – განაცხადა მეუფე შიომ.
ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია მედიის 40–მდე წარმომადგენელი.


