„ათეულობით ჯავშანი გაუქმდა“ – სასტუმროს მფლობელი ძალადობრივი ინციდენტის შედეგებზე საუბრობს
07/07/2021 09:22:16 ეკონომიკა
თბილისის ერთ-ერთი სასტუმროს დამფუძნებელი ირაკლი გვეტაძე ამბობს, რომ პოლონელი ტურისტის დაჭრამ მნიშვნლოვანი გავლენა მოახდინა ტურისტულ სექტორზე, ვინაიდან ერთი დღის შეჯამებით, ათეულობით ჯავშნის გაუქმების ფაქტი დაფიქსირდა.
„მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო არ გასულა, სამწუხაროდ, არის ჯავშნების გაუქმების პრეცედენტები. ეს იმიტომ, რომ ადამიანები მწვავედ რეაგირებენ მსგავს ფაქტებზე და თავსაც არიდებენ უსაფრთხო და საფრთხის შემცველ მიმართულებებს.
სამწუხაროდ, არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. პირადად ჩვენს შემთხვევაში ათეულობით ჯავშნის გაუქმებასთან გვაქვს საქმე ერთი დღის შეჯამებით.
ეს პროცესი თუ დროულად არ დარეგულირდა და არ ჩაერთვებიან შესაბამისი პირები და უწყებები, რომლებსაც შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეთ, ეს ყველაფერი უფრო კიდევ უარესს შედეგს მოიტანს და კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ზარალი გველოდება“, – აღნიშნა სასტუმრო Old Town Mtatsminda-ს დამფუძნებელმა ირაკლი გვეტაძე გადაცემაში „საქმის კურსი“.
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი კი თემის კომენტირებისას „აქცენტთან“ ამბობს, რომ მის შემთხვევაში ამ მიზეზით ჯავშნების გაუქმების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
ჯანდაცის მინისტრი აღიარებს, რომ ტურიტის დაჭრის ფაქტმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საქართველოს იმიჯს:
„ტურისტი საქართველოში დაცულია, თუმცა უნდა აღვნიშნოთ,რომ ამან საქართველოს მნიშვნელოვანი ზიანო მოუტანა. მაგრამ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ტურისტი მოთავსებულიყო უსაფრთხო გარემოში და ჯანდაცვის სამინისტრო მთელი გუნდით ზრუნავს ტურისტის ჯანმრთელობისთვის. მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. დარწმუნებული ვარ, გმოჯანმრთელების შემდეგ ის შესაბამის კომენტარს გააკეთებს“.
შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ თავდასხმ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა და რომ ტურისტს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანი დაესხა. თუმცა ამბობს იმასაც, რომ ექსპერტიზა ჩატარდება და დეტალები მას შემდეგ გაირკვევა.
ამ დროისთვის სავარაუდო თავდამსხმელი დაკავებულია.


