დაანონსებული ძალადობის ფონზე პრეზიდენტს „ღირსების მარშზე“ მისვლისკენ მოუწოდეს
28/06/2021 11:49:25 პოლიტიკა
პარლამენტის დეპუტატი რომან გოცირიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, 5 ივლისს დაგეგმილ "ღირსების მარშს" შეუერთდეს.
"ყველას აქვს კონსტიტუციური უფლება, გამოხატოს თავისი აზრი როგორც უნდა, რაც არის დაშვებული კანონით. უნდა შეწყდეს ქვეყანაში უმცირესობების ჩაგვრა. კეთილი ინებოს საქართველოს პრეზიდენტმა, 5-ში მივიდეს პრაიდზე, ლამაზად იცვამს, გაიკეთოს ცისარტყელას ფერის შარფი, მოკიდოს ხელი თავის პირად მოძღვარს და აჩვენოს მოქალაქეობრივი თვითშეგნება. ამიტომ ხარ პრეზიდენტი, რომ დაიცვა ყველას უფლებები და იყო კონსტიტუციის დაცვის გარანტი", - თქვა გოცირიძემ.
დაანონსებული ძალადობის ფონზე „ღირსების მარშზე“ მისვლა პრემიერ–მინისტრსაც შესთავაზეს. პრემიერის პასუხი იხილეთ აქ.
ცნობისთვის: „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგე ჯგუფები რუსთაველის გამზრის გაკონტროლებას აანონსებენ.
„5-ში ქაშვეთის უკან, დილის 10 საათიდან, 9 აპრილის ბაღში ვაცხდებთ მობილიზებას. ყველა ჩვენგანი გაკეთებს ყველაფერს რათა ადამიანების მაქსიმალური რაოდენობა მოვიდეს და მაგ ლოკაციიდან ვაპირებთ, რომ მთელი რუსთაველი ავიღოთ, გავაკონტროლოთ, არანიარი გარყვნილების პროპაგანდა არ ჩატარდება ჩვენ ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს და ვუგზავნით ძალიან მკაფიო მესიჯს საქართველოს ხელისუფლებას“,- განაცხადა 24 ივნისის ბრიფინზე "ალტინფოს" წარმომადგენელმა ზურა მახარაძემ.„პრაიდ კვირეული“ თბილისში 1 ივლისს გაიხსნება. დაგეგმილია დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ქვიარ მუსიკალური ფესტივალი. კვირეული 5 ივლისს, „ღირსების მარშით“ დასრულდება - ლგბტქ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და მსვლელობას მოაწყობენ.
17 ივნისს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "TV პირველის" ეთერში თბილისში დაგეგმილი "პრაიდ კვირეულის" წინააღმდეგ ღიად ისაუბრა:
"მე მაქვს ჩემი პირადი დამოკიდებულება - მგონია, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე".
წამყვანის რეპლიკაზე, „ეკლესიას უგორებთ კოჭს?”, კობახიძე აღნიშნავს: „ეკლესიას ჩემი კოჭის გაგორება არ სჭირდება. იმედი მაქვს, ეკლესია მე გამომიგორებს კოჭს”.
მისი თქმით, მთელი კონტექსტის გათვალისწინებით, ეს იქნებოდა პასუხისმგებლობით განმსჭვალული გადაწყვეტილება:
„ძალიან კომპლექსურია ეს კონტექსტი და ამ კონტექსტის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, წესით, ეს არ უნდა დაეგეგმათ”.
გასულ კვირას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, „პრაიდ კვირეულის“ უსაფრთხოების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.
საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტზე გამოსვლისას განაცხადა, რომ აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვას, რა გააკეთა ლგბტქი თემისა და მისი მხარდამჭერი ჯგუფების კონსტიტუციური უფლებების დასაცავად.


