აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი: "გვჯერა, სომხეთი შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან სწორ დასკვნებს გამოიტანს"
21/06/2021 11:33:38 მსოფლიო
"გვჯერა, რომ სომხეთის ხელისუფლება შექმნილი კრიზისიდან, მისი მიზეზის გაანალიზების გზით, სწორ დასკვნებს გამოიტანს", - ასე ეხმიანება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი სომხეთში ჩატარებულ ვადამდელ არჩევნებს.
მისი თქმით, სომხეთში „ღრმა კრიზისის მიზეზი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალის გამოყენებით დარღვევაა"
„მოგეხსენებათ, გუშინ სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. მოსალოდნელია მთავრობის ფორმირება. ჩვენ გვჯერა, რომ ამ პროცესების შედეგად, სომხეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა გამოიტანს სწორ, რეალურ დასკვნებს შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან. ამ კრიზისის ფესვები ღრმაა და მიზეზი არის სომხეთის მიერ საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალადობრივი გზით დარღვევა და აგრესიული პოლიტიკის გატარება”, - განაცხადა ბაირამოვმა.
წინასწარი შედეგების თანახმად, სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ "სამოქალაქო კონტრაქტი" ამომრჩეველთა ხმების 53.92% მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა ოპონენტმა ყოფილი პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა (პარტია "სომხეთი") - 21.04%.


