Accentnews.ge
როტაცია პანსიონში – რა იცვლება ბავშვებისთვის?

როტაცია პანსიონში – რა იცვლება ბავშვებისთვის?

15/06/2021 08:42:08 პოლიტიკა, საზოგადოება

ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ განვითარებული დრამატული მოვლენების ფონზე დაწესებულების დირექტორად საპატრიარქომ სკანდალური განცხადებებით (მათ შორის, ბავშვების მიმართ დამოკიდებულების თაობაზეც) ცნობილი მეუფე იაკობი დანიშნა. "რა გასაკვირია, თუ ღონიერმა პატარას სიტყვით ვერ გააგებინა და ძალა გამოიყენოს?!" – ეს სიტყვები სწორედ მეუფეს ეკუთვნის, როდესაც მან ჟურნალისტებს პანსიონის მოვლენებისას საკუთარი პოზიცია გააცნო. „ვაგრძელებთ თანამშრომლობას, რომ მოხდეს ბავშვების შეფასება და ალტერნატიულ სერვისებში გადაყვანა. პირველ რიგში, ოჯახში ინტეგრაცია“,– განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ.

კითხვაზე, თუ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში დიდი ზომის დაწესებულებები, მათ შორის, ნინოწმინდის პანსიონიც უნდა დაიხუროს, მაშ ვის უხელმძღვანელებს მეუფე, ბარკალაია პასუხობს: „ეს არის პროცესი და ამ პროცესში საჭიროა შეფასება. პროცესს დრო სჭირდება. ერთ დღეში ბავშვების გამოყვანა არ ხდება“.

ეკატერინე ტიკარაძის კიდევ ერთი მოადგილია თამარ გაბუნიას თქმით, დაწესებულების ახალი ხელმძღვანელობის პირობებში იზრდება იმის შესაძლებლობა, რომ მოლაპარაკებები უფრო ეფექტიანად გაგრძელდეს:

“ჯანდაცვის სამინისტრო გააგრძელებს საპატრიარქოსთან ამ მიმართულებით მუშაობას, რადგან სპონტანურად ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ვერ მოხდება, ამას სჭირდება მომზადება და შესაბამისი დაგეგმვა რათა უსაფრთხოდ მოხდეს ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვით გადაყვანა სხვა დაწესებულებებში. რა თქმა, უნდა ახალი ხელმძღვანელობის პირობებში ჩვენთვის შესაძლებლობა იმის, რომ ეს მოლაპარაკებები კიდევ უფრო ეფექტიანად გაგრძელდეს, ჩვენთვის იზრდება. ამრიგად, მუშაობას ამ მიმართულებით ვაგრძელებთ”.

ამ შემთხვევაში საპატრიარქოს მოტივაცია ალბათ უფრო იკითხება ცურტაველი მიტროპოლიტის, მეუფე ვახტანგის კომენტარში, როდესაც ის მეუფე იაკობის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე საუბრობს: „მას აქვს სხვადასხვა სახის გამოცდილება, ურთიერთობა ხელისუფლებასთან და გვერდში დაუდგებიან, რომ ამ საქმეს უფრო სიყვარულით მიხედონ“.

მეუფე ნიკოლოზი კი გვარწმუნებს, რომ მსგავსი საკადრო გადაწყვეტილება, „ნიშნავს, რომ სასწავლებელში ყველანაირი კარი გაიხსნა“, მიუხედავად იმისა, რომ კარი კვლავ დახურულია კონსტიტუციური ორგანოსთვის – სახალხო დამცველის აპარატისთვის, განახორციელოს კანონით მინიჭებული უფლება, არც სახელმწიფო "იტკიებს" თავს, აღასრულოს კანონი, მეუფე იაკობი კი გვეუბნება, რომ "ჯერ ადრეა მაგაზე საუბარი".

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი კი მეუფეთა ნაწილის მსგავსად ოპტიმისტურად არაა განწყობილი, მათ შორის, მეუფე იაკობის პერსონიდან გამომდინარეც და ფიქრობს, რომ სახელმწიფომ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯი პანსიონში ომბუდსმენის შეშვებასა და თავად დაწესებულების დახურვასთან მიმართებით:

„ვხედავთ, რომ პანსიონის ხელმძღვანელად დაინიშნა ადამიანი, რომელიც ბავშვთა უფლებების შესახებ ძალიან მძიმე, კანონთან შეუსაბამო განცხადებებს აკეთებს, არ აქვს სახალხო დამცველის ინსტიტუტთან კარგი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ეს კარგს არაფერს გვიქადის. აუცილებელია, სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა, გადადგას შედეგიანი ნაბიჯები“.

მსგავსი პოზიცია აქვს თეოლოგთა ნაწილსაც. კერძოდ, ბასილ კობახიძე შიშობს, რომ საკადრო გადაწყვეტილებით ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, გოჩა ბარნოვისთვის კი ეს საპატრიარქოსთვის ბუნებრივი მოვლენაა:

„ის ამართლებს ბავშვის ცემას და მიიჩნევს, რომ თუ ბავშვი არ დაგიჯერებს, შეგიძლია, გალახო, გვაგინებს ამბიონიდან – ასეთ ადამიანს ნიშნავდე ბავშვთა პანსიონის დირექტორად, ეს საპატრიარქოსთვის დამახასიათებელი საქციელია: 45 წელია, მსგავს ქმედებებს ვხედავთ – ისინი სერიოზულ პრობლემებს ან დუმილით ხვდებიან, ან უარესი ნაბიჯით“.

რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლებს, მიუხედავად იმისა, რომ პანსიონის აღსაზრდელთა ნაწილი უკვე ღიად ლაპარაკობს ძალადობრივ გამოცდილებაზე, აღძრულია სისხლის სამართლის საქმეებიც, არის ცნობები ჩვენების მიმცემთა მიმართ სავარაუდო ზეწოლაზე, მაგალითად, დედაქალაქის მერი კახა კალაძე გვარწმუნებს, რომ „რეალობა განსხვავებულია“, ვიდრე ამას საზოგადოებას მედია აწვდის:

„ბოლო კვირეების განმავლობაში ვაკვირდები მოვლენებს, თქვენს მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს, თითქოს იქ ხდებოდა უბედურება, თუმცა რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა, რადგან თქვენც იყავით იქ მისულები და ნახეთ რეალური მოცემულობა“.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე კი იმედს იტოვებს, რომ „ყველაფერი დადებითი მიმართულებით შეიცვლება“:

„ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენებს. მთავარია, არანაირი ეჭვის საფუძველი არ არსებობდეს, რომ ბავშვებს რაიმე ტიპის საფრთხე ემუქრებათ. ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან მგრძნობიარე თემაა, ამაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაცაა და ამ პასუხისმგებლობით იმოქმედებს“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S