მეუფე იაკობი – პანსიონში სახალხო დამცველის შეშვებაზე: "ჯერ ადრეა მაგაზე საუბარი"
14/06/2021 14:44:11 საზოგადოება
"ჯერ ადრეა მაგაზე საუბარი", - ასე უპასუხა ნინოწმინდის პანსიონის ახლადდანიშნულმა დირექტორმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტის შეკითხვას, შეუშვებს თუ არა თავშესაფარში სახალხო დამცველს.
"მე ახლა შემოსული ვარ, რომ სიტუაციას გავეცნო. გავეცნობი სიტუაციას, ჯერ ადრეა მაგაზე საუბარი, გავეცნობი სიტუაციას და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას. დღესდღეობით სოციალური მუშაკები მუშაობენ, სახელმწიფოს წარმომადგენლები არიან. ასვეე, სხვადასხვა ორგანიზაციებიც იყვნენ შემოსულები და კითხვები დღევანდელ მდგომარეობაზე არ აქვთ. ადრე რა იყო არ ვიცი, თუმცა დღევანდელ მდგომარეობაზე არ აქვთ და ადრეც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და მე ვფიქრობ, არასწორი გადაწყვეტილება მიიღო", - აცხადებს მეუფე იაკობი.
ცნობისთვის: 5 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვით, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში.
ნინოწმინდის პანსიონში ამ დროისთვის 23 ბავშვი რჩება.
სახალხო დამცველის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც დღემდე სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი მართავდა, ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კერძოდ, 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება - 3 მათგანი ძალადობას ეხება (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი), ერთი - გაუპატიურებას (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).
ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარების ნაწილი თავადაც ლაპარაკობს დასჯის სასტიკ მეთოდებზე.
გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველყოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები. სახალხო დამცველს ამ დრომდე არ აძლევენ უფლებას, რომ პანსიონატში შევიდეს.


