
„ბაიდენმა პუტინთან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია ხაზგასმით უნდა აღნიშნოს და ზეწოლა გერმანიასა და საფრანგეთზეც უნდა მოახდინოს“
14/06/2021 09:15:11 პოლიტიკა
ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას, მათ შორის, საქართველოს საკითხი უნდა განიხილოს.
ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპული სარდლობის ყოფილმა მეთაურმა, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა „აქცენტთან“ საუბრისას განაცხადა.
"რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა ბაიდენმა კვლავ უნდა გააკრიტიკოს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. მან ხაზგასმით უნდა აღნიშნოს, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20% რუსეთს უკანონოდ აქვს ოკუპირებული და ზეწოლა უნდა მოახდინოს არა მხოლოდ კრემლზე, არამედ გერმანიასა და საფრანგეთზეც, რათა რუსულმა ძალებმა ქართული ტერიტორია დატოვონ“, – განაცხადა ჰოჯესმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ბაიდენმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ–ის ყოვლისმომცველ სტრატეგიაზეც უნდა გაამახვილოს ყურაღება:
„ამასთან, ბაიდენმა პუტინს უნდა განუცხადოს, რომ შეერთებული შტატები შეიმუშავებს უფრო ფართო სტრატეგიას შავი ზღვის რეგიონისთვის, მათ შორის, უკრაინის; საქართველოსა და დანარჩენი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების; ბალკანეთის სახელმწიფოების და რა თქმა უნდა, თურქეთისთვის. მაგრამ, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ და უკრაინამ უზრუნველყონ ლიბერალური დემოკრატიული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ძლიერი ინსტიტუტები და გახდნენ უფრო მიმზიდველები ამერიკული / დასავლური ინვესტიციებისთვის. მაგალითად, როგორიცაა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს ნამდვილი ჰაბი ევროპასა და ევრაზიას შორის. ეს კი, რა თქმა უნდა, რუსეთს არ სურს".
ცნობისთვის: ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ჟენევაში 16 ივნისს გაიმართება. როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ბაიდენი შეხვედრაზე, მათ შორის უკრაინისა და ბელარუსის საკითხებს დააყენებს.
აღსანიშნავია, რომ 2011 წელს ჯო ბაიდენმა, რომელიც იმჟამად აშშ–ის ვიცე პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გააკრიტიკა.