Accentnews.ge
ამერიკელი სენატორების ვიზიტი საქართველოში – ძირითადი გზავნილები

ამერიკელი სენატორების ვიზიტი საქართველოში – ძირითადი გზავნილები

04/06/2021 07:44:29 პოლიტიკა

საქართველოს შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციის წარმომადგენლები – დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი სენატორი რობ პორტმანი სტუმრობენ.

როგორც საქართველოში აშშ–ის საელჩოში აცხადებენ, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვდნენ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, "რათა ემსჯელათ, თუ რა გზით შეუძლია აშშ-ს, მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიის ხედვას 19 აპრილის შეთანხმების განხორციელების ჭრილში". გარდა ამისა, სენატორებმა მოინახულეს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი.

19 აპრილის შეთანხმება

სენატორებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ევროპული მედიაციით 19 აპრილს საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე და მისი სრულფასოვნად განხორციელების მნიშვნელობაზე.

"მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს იდეალური ერთობა. ზუსტად ეს ჩანაწერია აშშ-ის კონსტიტუციაში, რომელსაც ჩვენ დიდად ვაფასებთ და პატივს ვცემთ. მნიშვნელოვანია, რომ 19 აპრილის შეთანხმება განხორციელდეს, პუნქტები იქნას აღსრულებული, მათ შორის ვიცით, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მხარეებს შორის არის ფართო შეთანხმება. რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, აქ არ არის ერთიანი სულისკვეთება. იცით, რომ დამატებითი დეტალებია, რომელზეც უნდა გაგრძელდეს მუშაობა. მიგვაჩნია, რომ 19 აპრილის შეთანხმება გამოხატავს იმ სულისკვეთებას, რომელიც წაადგება ქვეყანას და მის მომავალს", – განაცხადა რობ პორტმანმა.

სენატორი შაჰინი ხსენებულ შეთანხმებაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოს პოლიტიკურ ბედს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს დემოკრატიის მდგომარეობაზე რეგიონსა და მსოფლიოში:

„მოხარული ვარ დღევანდელი ნაყოფიერი, ორპარტიული მსჯელობით საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების შესაძლებლობებზე პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და პარლამეტისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან. მჯერა, რომ არსებობს მტკიცე გადაწყვეტილება აპრილის შეთანხმებაში გაწერილი დემოკრატიული მიზნების შესასრულებლად, რაც ქართველი ხალხისთვის უფრო ნათელი და უსაფრთხო მომავლის შექმნას ემსახურება. უნდა გაგრძელდეს ინტენსიური მუშაობა კომპრომისზე, ძლიერი და ეფექტიანი სამოქალაქო საზოგადოების მისაღწევად, რასაც საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ. აშშ სოლიდარობას უცხადებს ჩვენს რეგიონულ პარტნიორებს ამ ძალისხმევაში. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს პოლიტიკურ ბედს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს დემოკრატიის მდგომარეობაზე რეგიონსა და მსოფლიოში. მადლობელი ვარ სენატორი პორტმანის პარტნიორობისთის, ქართველის ხალხის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის უზრუნველყოფაში. როგორც ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, გავაგრძელებ დემოკრატიული ინსტიტუტების განსამტკიცებელი რეფორების მხარდაჭერას", – განაცხადა შაჰინმა.

თვითმმართველობის არჩვენები

სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებით, აშშ ყურადღებით დაკვირდება საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც ოქტომბერში გაიმართება.

მისივე თქმით, იმისათვის , რომ არჩევნები მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი იყოს, მნიშვნელოვანია, რეფორმების სვლის გაგრძელება დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფით.

„რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებით, დიახ, ოქტომბრის არჩევნები იქნება ნამდვილად დაკვირვების ქვეშ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ვიცი, რომ ევროპაც და აშშ-იც გამოგზავნის საქართველოში დამკვირვებლებს, რომლებიც ამ პროცესს გაუწევენ უშუალოდ ადგილზე დაკვირვებას. იმისთვის, რომ ეს არჩევნები იყოს მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი, მნიშვნელოვანია რეფორმების გაგრძელება დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფით“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.

სისხლის სამართლის საქმეები და ადამიანის უფლებების დაცვა

სენატორ ჯინ შაჰინის თქმით, საქართველოში დღეს გამართულ ყველა შეხვედრაზე, ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

"კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს, არ ვიცნობ და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. რაც შეეხება ზოგადად ამ პროცესს, ყველა შეხვედრაზე, რომელიც დღეს გავმართეთ, ხაზს ვუსვამდით იმ მნიშვნელობას, რომელიც ენიჭება ადამიანის უფლებების მოთხოვნათა დაცვასა და უზრუნველყოფას. ეს გულისხომბს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას, საარჩევნო რეფორმას", – განაცხადა ჯინ შაჰინმა.

საქართველოს ნატო–ში გაწვრიანების მხარდაჭერა

სენატორმა პორტმანმა აღნიშნა, რომ საქართველო იმსახურებს MAP-ს მიღებას, მაგრამ ამისათვის მნიშვნელოვანია ქვეყანამ გაატაროს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმები, იქნება ეს სამხედრო და თავდაცვის სფეროში, თუ კანონის უზენაესობის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

"საქართველოს უნდა მიეცეს საშუალება, რომ ნაბიჯები გადადგას ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ნატო-ს აქვს პროცესი, რომელსაც ჰქვია MAP-ს პროცესი. მიგვაჩნია, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს MAP-ს მიღებას, რაც საქართველოს ხელს შეუწყობდა ნატო-ს წევრობისკენ სვლას. ამისთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანამ გაატაროს რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით, ეს ეხება რეფორმებს სამხედრო და თავდაცვის სფეროში, მაგრამ ამავე დროს, კანონის უზენაესობის გაუმჯობესების თვალსაზრისითაც“,– განაცხადა სენატრომა.

რუსული საფრთხე და ოკუპაციის შედეგები

სენატორმა შაჰინმა აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს, დააშინოს საქართველო და რუსეთის სამეზობლოში მყოფი სხვა სახელმწიფოები, რომლებმაც ჩრდილოატლანტიკური გზა და დასავლეთისკენ სვლა აირჩიეს. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მტკიცე და ერთგულ პარტნიორად რჩება.

"რუსეთის ქმედება აშაკარაა, რომ დააშინოს მის სამეზობლოში მყოფი სახელმწიფოები, რომლებმაც ჩრდილოატლანტიკური გზა და დასავლეთისკენ სვლა აირჩიეს, რომელიც ამ სახელმწიფოებს და მათ მოქალაქეებს სთავაზობთ უკეთეს მომავალს, ვიდრე თავად რუსეთს შეუძლია შესთავაზოს. ზუსტად ამიტომ ვუჭერთ მხარს საქართველოს და საქართველოში რეფორმების განხორციელებას და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას იმისათვის, რომ მეტი შესაძლებლობები შეიქმნას საქართველოს მოქალაქეებისათვის და მეტად შეძლონ მათ თავისი უფლებების გამოვლენა. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ რჩება საქართველოს მტკიცე პარტნიორად", – განაცხადა შაჰინმა.

ამასთან, სენატორებმა ოკუპაციის მძიემ შედეგებზე ისაუბრეს.

"გვქონდა შესაძლებლობა, რომ გავსულიყავით და ადგილზე გვენახა ადმინისტრაციული გამყოფი საზღვარი, ჩვენ ვნახეთ, თუ რაოდენ დიდ გამოწვევას წარმოადგენს საქართველოსთვის რუსი ჯარისკაცები და რუსული შეიარაღება, რომელიც დამიზნებულია საქართველოს მისამართით. გავეცანით პრობლემებს, რომლის წინაშეც დგანან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ ეძლევათ საშუალება, მიიღონ საქართველოს ტერიტორიაზე ჯანდაცვის მომსახურება თუ განათლება", - განაცხადა შაჰინმა.

"დღეს დილით გვქონდა შესაძლებლობა, უშუალოდ გვეხილა ადმინისტრაციულ საზღვარზე შექმნილი მდგომარეობა. ვნახეთ, როგორ არღვევს რუსეთი ექვსპუნქტიან შეთანხმებას, რომელსაც თავად მოაწერა ხელი რამდენიმე წლის წინ, რომლის ფარგლებშიც, უნდა მომხდარიყო ადამიანებისთვის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობის მიცემა. ჩვენ კი სულ სხვა რამეს ვხედავთ. საქართველოში გადმოსვლის უფლება არ ეძლევათ ადამიანებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან. დამკვირვებლებმა გაგვიზიარეს თავიანთი მდგომარეობა. გვითხრეს, რომ არ ეძლევათ შესაძლებლობა და ზღუდავენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკვირვების მიზნით. ჩვენ უშუალოდ ვიხილეთ, როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები“, – განაცხადა პორტმანმა.

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება

სენატორ შაჰინის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით.

"უკანასკნელ პერიოდში აშშ–ის დახმარება ეხებოდა "კოვიდთან" ბრძოლას, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს, ეკონომიკურ კეთილდღეობას და ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას. დღეს გვქონდა საუბარი, რომ მიმდინარეობს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით", – განაცხადა შაჰინმა.

პორტმანმა აღნიშნა, რომ თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე მოქმედი ეკონომიკა საქართველოს მეტ სარგებელს მოუტანს:

"საქართველო აგრძელებს გზას დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით, რასაც შეერთებული შტატები მხარს უჭერს. როგორც სენატორმა ჯინ შაჰინმა აღნიშნა, ჩვენ წარმოვადგენთ ორპარტიულ დელეგაციას აშშ-დან. მეც და სენატორი შაჰინიც გახლავართ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები. შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ სენატში „რესპუბლიკელებსა“ და „დემოკრატებს“ შორის ამ მხრივ ხედვებში განსხვავება არ არის. სენატის ორივე პარტიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ საქართველო არის მეგობარი და საქართველოსთან გვაქვს განსაკუთრებული კავშირი. თანაბრად გვსურს, რომ საქართველო იყოს წარმატებული ქვეყანა, რომელიც იმოძრავებს დემოკრატიის დაწინაურებისა და გაუმჯობესების გზაზე, თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე მოქმედი ეკონომიკით, რაც მეტ სარგებელს მოუტანს მის მოქალაქეებს. როგორც სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, ახლა ის დროა, როდესაც რუსეთი საქართველოს და სხვა სახელმწიფოებს ხელს უშლის ამაში. იგი ახდენს ზეწოლას უკრაინაზე, ბელარუსზე".

კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა

სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ აშშ საქართველოს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის დოზებს გამოუყოფს.

როგორც სენატორმა აღნიშნა, თეთრმა სახლმა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკვე დაადასტურა.

„გიზიარებთ კარგ ახალ ამბავს, თეთრმა სახლმა სულ ახლახან დაადასტურა და განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის, საქართველოს გამოუყოს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინები“, – განაცხადა შაჰინმა სენატორმა რობ პორტმანთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

მოგვიანებით, სენატორმა პორტმანმა აღნიშნა, რომ "ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ამერიკიდან საქართველოს მოეწოდება კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები":

„ორიოდე სიტყვით აღვნიშნავდი კოვიდთან დაკავშირებულ ვითარებას. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ამერიკიდან საქართველოს მოეწოდება კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები. დღემდე საქართველომ უკვე მიიღო აშშ-ის მხრიდან 20 მილიონი დოლარი კოვიდთან საბრძოლველად. ჩვენ ზუსტად ვიაზრებთ იმ განსაკუთრებულ კავშირს, რომელიც გვაქვს საქარველოსთან და ეს უკვე ისტორიული, ტრადიციულია, ვინაიდან 1991 წლის შემდეგ საქართველოსთვის აშშ-ის მიერ დახმარების სახით 5.7 მილიარდი დოლარია გამოყოფილი, რაც მიმართული იყო იქითკენ, რომ საქართველოს გაეუმჯობესებინა დემოკრატიული მდგომარეობა, მყარად დამდგარიყო თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე“.

შაჰინმა და პორტმანმა საქართველოში ვიზიტი 3 ივნისს საოკუპაციო ხაზის მონახულებით დაიწყეს. სენატორების ქვეყანას დღეს დატოვებენ.

იხილეთ ასევე: ოპოზიციამ სენატორებთან, მათ შორის, ნინოწმინდის პანსიონისა და ჟენევის ფორმატში სახელმწიფო მდივნის ჩართულობის საკითხები განიხილა

რა საკითხები განიხილა “ოცნებამ” სენატორებთან: "ვუთხარით, რომ ორი კრიმინალი თავისუფალია და ამნისტია მალე დამტკიცდება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S