რა საკითხები განიხილა “ოცნებამ” სენატორებთან: "ვუთხარით, რომ ორი კრიმინალი თავისუფალია და ამნისტია მალე დამტკიცდება"
03/06/2021 16:58:12 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, დღეს ამერიკელ სენატორებთან – ჯინ შაჰინთან და რობ პორტმანთან გამართულ შეხვედრაზე სამ ძირითად საკითხზე – საქართველოს ნატო–ში ინტეგრაციაზე, 19 აპრილის შეთანხმებასა და კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების თემაზე ისაუბრეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეხვედრაზე მხარეებმა 19 აპრილის შეთანხმების აღსრულების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება:
"სენატორებთან ძალიან საინტერესო და მეგობრული შეხვედრა გვქონდა. ჩვენ ხაზი გავუსვით დოკუმენტის აღსრულებას, მათ შორის ხელმოწერის და შემდეგ აღსრულების მნიშვნელობას და ამასთან დაკავშირებით გავცვალეთ ინფორმაცია და გვქონდა საინტერესო დისკუსია. შევეხეთ, რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტის ყველა ასპექტს - ეს იყო საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა და ა.შ. გვქონდა დისკუსია ყველა ასპექტთან დაკავშირებით, გავაცანი ჩვენი გეგმები და იყო ინფორმაციების გაცვლა. ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს პარტნიორებს - ვუთხარით, რომ ორი კრიმინალი არის უკვე გათავისუფლებული, ვუთხარით, რომ ამნისტიის შესახებ კანონი დამტკიცდება ძალიან მალე და ვუთხარით ასევე ის, რომ იმუნიტეტთან დაკავშირებული რეგულაციებიც დამტკიცდება ძალიან მალე, შესაბამისად შეთანხმების ეს პუნქტი უკვე აღსრულებული იქნება თავიდან ბოლომდე ამ თვის ბოლომდე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, სენატორებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით იმაში, რომ მთელ რიგ სენატის მიერ დამტკიცებულ აქტებში არის საქართველოს მყარი მხარდაჭერა ასახული.
"მათი როლი მნიშვნელოვანი იყო შიდა პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების კუთხით. ჩვენ სენატორ შაჰინთან შეხვედრა გვქონდა ცოტახნით ადრე, ვიდრე ხელი მოეწერებოდა აპრილის შეთანხმებას და ამ დისკუსიამ, ამ შეხვედრამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ სწორი ნაბიჯები გადავდგით საბოლოო ჯამში და ხელი მოვაწერეთ იმ შეთანხმებას, რომელიც წაადგება ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ეს იყო გამარჯვება არამარტო ჩვენი გუნდისთვის, „ქართული ოცნებისთვის“, არამედ ეს იყო გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის და ამ პროცესში სენატორ შაჰინს განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი".
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განაცხადებით, გარდა 19 აპრილის შეთანხმებისა შეხვედრის ძირითადი საკითხები საქართველოს უსაფრთხოებასა და ვაქცინას უკავშირდებოდა.
"ჩვენ ამერიკელი სენატორებისგან მივიღეთ უპირობო მხარდაჭერა იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი გააგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას ნატოში ინტეგრაციის გზაზე", – აცხადებს სამხარაძე.
ცნობისთვის: ამერიკელი სენატორები საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ. ისინი უკვე შეხვდენენ არასამთავრობო სექტორსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს. ამჟამად სენატორები ოპოზიციის ლიდერებს ხვდებიან.


