ოპოზიციამ სენატორებთან, მათ შორის, ნინოწმინდის პანსიონისა და ჟენევის ფორმატში სახელმწიფო მდივნის ჩართულობის საკითხები განიხილა
03/06/2021 19:08:51 პოლიტიკა
ამერიკელი სენატორებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. როგორც მისი დასრულების შემდეგ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, ჯინ შაჰინთან და რობ პორტმანთან, მათ შორის მართლმსაჯულების, ნინოწმინდის პანსიონის, ნატო–სა და ჟენევის ფორმატში სახელმწიფო მდივნის ჩართულობის საკითხები განიხილეს.
"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, საუბარი იყო ყველა იმ პრობლემაზე, რაც სადღეისოდ ქვეყანაშია.
ჯაფარიძის თქმით, პირადად მან სენატორებს უთხრა, რომ ქვეყნის მთავარი გამოწვევა მძიმე ეკონომიკური ვითარებაა და პრინციპული საკითხია საქართველოს ნატო-ში წევრობა.
"სენატორები ღიად გვეკითხებოდნენ რაში შეიძლება, დაეხმაროს ამერიკა ამ ქვეყანასო. ცხადია, ჩვენ საუბარი გვქონდა ყველა იმ პრობლემაზე, რაც ქვეყანაში, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე, საარჩევნო სისტემაზე, პოლიტიკურ დევნაზე და ა.შ. მე პირადად ვუთხარი, რომ ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა არის ეკონომიკური გამოწვევა, ჩვენ გვჭირდება სწრაფი ეკონომიკური ზრდა და მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი აქ არის უსაფრთხოების გამოწვევები, ამიტომ პრინციპული საკითხია საქართველოს ნატო-ში წევრობა, რომ დაჩქარდეს რაც შეიძლება მეტად. მეორე, ჩემი აზრით მნიშვნელოვანი საკითხი არის თავისუფალი ვაჭრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. გარდა იმ პრობლემებისა, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ ინსტიტუტებთან, მართლმსაჯულების საკითხს ამ ორ საკითხს გავუსვი ხაზი და ვუთხარი, რომ თუ დაჩქარდება საქართვლოს ნატო-ში გაწევრიანება და თუ ჩვენ გვექნება თავისუფალი ვაჭრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დანარჩენ ყველა სხვა პრობლემებს ჩვენ მივხედავთ აქ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ "განხილვის ერთ–ერთი მთავარი თემა პოლიტიკური მართლმსაჯულება იყო".
"შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, ყველა საკითხზე, რომელიც ამ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვილაპარაკეთ სენატორებთან. პოლიტიკური მართლმსაჯულება იყო ერთ ერთი მთავარი თემა და ყველა საქმეზე, ნიკა გვარამიას, გიგი უგულავას – ყველა საქმეზე, რომელიც დღესაც აქტუალურია, ვისაუბრეთ. ხაზი გავუსვით მართლმსაჯულების რეფორმის მნიშვნელობას, რომ ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები აღარ იყოს ქვეყანაში. ეს აუცილებელია, მათ შორის იმისთვისაც, რომ მივიღოთ ინვესტიციები და შევძლოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. საუბარი იყო უსაფრთხოების საკითხებზე. ვისაუბრეთ გახელაძის საქმეზე, შარლ მიშელის დოკუმენტის სხვა პუნქტებზე. ვისაუბრეთ ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე", – განაცხადა სამნიძემ.
"ლელოს" ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმით, სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრეს ჟენევის დისკუსიებში აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ჩართულობაზე.
"თითქმის ყველა საკითხზე გვქონდა საუბარი. სენატორებმა განაცხადეს, რომ 19 აპრილის შეთანხმების განხორციელების პროცესს ყურადღებით დააკვირდებიან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ნატო–ში გაწევრიანების დაჩქარების პროცესი. აქ იყო კონკრეტულ მექანიზმზეც საუბარი, რომ "მეხუთე მუხლი" არ ამოქმედდეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და ისე იქნეს საქართველო ალიანსში მიღებული საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და როდესაც მოხდება დეოკუპაცია, მაშინ დაფარავს "მეხუთე მუხლი" ამ ტერიტორიებსაც. განვიხილეთ საკითხი, რომ ჟენევის ფორმატი აიწიოს და შესაძლებელია აშშ–ის სახელმწიფო მდივნის დონეზე იქნეს აწეული. ძალიან მნიშვნელოვანია რომ აშშ–ის უფრო მაღალი ჩართულობა იყოს აქაც და ამას ძალიან დიდი ყურადღებით მოეპყრნენ სენატორები. გარდა ამისა, სენატორები მართლმსაჯულების რეფორმასს განიხილავენ, როგორც უკიდურესად მნიშვნელოვანს ჩვენი ქვეყნისთვის", – განაცხადა ჯაფარიძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ამერიკელ სენატორებს ქვეყანაში ნომერ პირველ პრობლემად "შიმშილი" დაუსახელა.
„კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რამხელა მეგობრები გვყავს ჩვენი ამერიკელი მეგობრების სახით. სენატორებმა დეტალურად იციან ის, რაც ხდება საქართველოში. როცა მკითხეს, რა არის ნომერ პირველი პრობლემა საქართველოში - ნომერ პირველი პრობლემა ქვეყანაში არის შიმშილი, მართლა ასეა და ჩვენ გვჭირდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამერიკასთან და მათ გვითხრეს, რომ შეიძლება ამაზე საუბარი, ამის განხილვა. რა თქმა უნდა, ველაპარაკეთ სასამართლოს ანტიკორუფციული მექანიზმების შექმნაზე, ვილაპარაკეთ პოლიტიკურ გამოძიებებზე. ასევე, შარლ მიშელის შეთანხმებაზე ვილაპარაკეთ. ადამიანურად ვთხოვეთ, რომ როგორმე ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაში დაგვეხმარონ და აქაც გვითხრეს, რომ რა თქმა უნდა, ამაზეც იქნება საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო“, - განაცხადა ვაშაძემ.
ენმ–ის ლიდერის ნიკა მელიას თქმით, ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს რომ დამკვირვებლების რაოდენობა ოქტომბრის არჩევნებზე მაქსიმალურად ბევრი იყოს და შეხვედრაზე ეს თემაც განიხილეს:
“სასიხარულოა, რომ ასეთი მეგობრები ქვეყანას ჰყავს და ისინი არამხოლოდ ვაშინგტონიდან ადევნებენ თვალს აქ მიმდინარე მოვლენებს, უშუალოდ თბილისში არიან. მნიშვნელოვანია რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ რომ “ქართული ოცნების” რეჟიმი აღარ იყოს მართვის სადავეებთან. ამ ყველაფერზე იყო საუბარი, ისინი კარგად არიან ინფორმირებული, რა ჭირდება სახელმწიფოს რომ ჩადგეს განვითარებული სახელმწიფოების რიგებში” – განაცხადა მელიამ და ადსძინა, რომ 2 კვირაში მას ვაშინგტონში კონგრესმენებთან და სენატორებთან პერსონალური შეხვედრები ექნება.


