ყოფილი გამომძიებელი, რომელმაც თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა, „რიონის ხეობის მცველებს“ შეუერთდა
03/06/2021 06:27:03 საზოგადოება
იმერეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი გამომძიებელი ზურაბ ხმელიძე თანამდებობის დატოვების შემდეგ რიონის ხეობაში ჩავიდა და სოლიდარობა გამოუცხადა „რიონის ხეობის მცველებს“. ადგილზე მას აპლოდისმენტებით დახვდნენ და ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას მიესალმებიან.
„სოლიდარობას ვუცხადებ რიონის ხეობის მცველებს და მეც მათთან ერთად ვიქნები“,– განაცხადა ხმელიძემ ჟურნალისტებთან.
როგორც ხმელიძე განმარტავს, მას უსამართლობის შეგრნება ჰქონდა და პროცესებში ჩართვა ორიოდ დღის წინ გადაწყვიტა.
ხმელიძე ამბობს, რომ ძალოვან უწყებაში მის მსგავსად ბევრი ფიქრობს.
სისტემის დატოვების შესახებ 2 ივნისს კიდევ ერთმა პირმა – ნიკოლოზ კვანჭიანმა განაცხადა, რომელიც ამბობს, რომ სამწელიწადნახევარი მსახურობდა ჯარისკაცად.
„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თავდაცვის ძალების რიგები! ჩემი მხარდაჭერა, პირველ რიგში, სამშობლოს შემდეგ კი რიონის ხეობის მცველებს! რიონის ხეობის გადარჩენისთვის“, - წერს ნიკოლოზ კვანჭიანი სოციალურ ქსელში.
მისივე პოსტების მიხედვით, ის აქტიურად უჭერს მხარს „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო მოძრაობას.
მანამდე კვანჭიანმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ გადაწყვიტა ქვეყანას ემსახუროს სამოქალაქო სექტორიდან, სადაც პირადი აზრის დაფიქსირებას არ უზღუდავენ.
„მივიღე გადაწყვეტილება რომ ჩემს ქვეყანას სამოქალაქოდან, იქიდან ვემსახურო საიდანაც შევძლებ ჩემი პირადი აზრის დაფიქსირებას, სადაც სიტყვის თავისუფლება არ შემეზღუდება, სადაც არავის დავეკითხები თუ რომელ აქციაზე წავიდე ან სად ვაპირებ გადაადგილებას ჩემს კუთვნილ შვებულებაში!“ - წერს ის.


