შსს–ს გამომძიებელი: "სამსახურიდან მივდივარ, სოლიდარობას ვუცხადებ ვარლამ გოლეთიანს"
02/06/2021 05:45:34 პოლიტიკა
იმერეთის სამხარეო პოლიციის გამომძიებელი ზურაბ ხმელიძე აცხადებს, რომ უწყებას ტოვებს.
როგორც ხმელიძე “მთავარ არხთან” ინტერვიუში განმარტავს, სისტემის დატოვების მიზეზი "რიონის ხეობის მცველების" მიმართ სოლიდარობა და "უკანონო დავალებების" შესრულების იძულებაა.
"მინდა, გავაკეთო განცხადება სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ფაქტამდე მიმიყვანა იმ გარემოებამ, რაც ხდება ნამოხვანში. სოლიდარობას ვუცხადებ ვარლამ გოლეთიანს, ქალბატონ მაკა სულაძეს და იქ მდგომ თითოეულ ადამიანს, რომლებსაც უკანონოდ ელახებათ თავიანთი კონსტიტუციური უფლება და არ აქვთ თავიანთ სახლში გადაადგილების უფლება.
პოლიციის მიერ, ანუ, ჩემს მიერაც, მონაწილეობას ვიღებდი ხეობის ორად გაყოფაში და ამ ადამიანებს, ვინც ცხოვრობდნენ რეალურად იქით, აქვთ სახლები და ჰყავთ შვილები, ვუზღუდავდით თავისუფლად გადაადგილების უფლებას. ძაან მოქმედებს ადამიანის თავმოყვარეობაზე, სინდისზეც, ნამუსზეც. როდესაც უბრალოდ მოქალაქეს აქვს თავისი ბრძოლა თუნდაც ქვეყნისთვის და შენ ამას უზღუდავ", - ამბობს ხმელიძე.
ჰესის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე თვეა იმართება.
"რიონის მცველები" ითხოვენ:
- შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ენკამ დატოვოს რიონის ხეობა;
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
- გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
- დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.


