გვენეტაძე – პრემიებზე: "უფლება არ მქონდა, არ დამეფასებინა თანამშრომელების თავდადება"
02/06/2021 12:45:32 პოლიტიკა, ეკონომიკა
"უფლება არ მქონდა, არ დამეფასებინა თანამშრომლების თავდადება", – ასე პასუხობს დეპუტატების კრიტიკას პანდემიის პერიოდში გაცემული პრემიების თაობაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.
მისი თქმით, ბოლო წლებში ეროვნული ბანკის ფუნქციები გაიზარდა და ამასთან, პანდემიის პერიოდში თანამშრომლები “დაუღალავად” შრომობდნენ.
“იმ სიტუციაში, როდესაც კორონავირუსი დაიწყო, ეროვნულ ბანკს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია – სხვა ყველასგან განსხვავებული. ალბათ, ჯანდაცვას ჰქონდა ასეთი მიმართულება და მეორე – ჩვენ. ერთი, რომ არ უნდა გაჩერებულიყო ქვეყანაში ნაღდი ფულის მიწოდება 24 საათის განმავლობაში და ეს არ არის მარტივი საქმე, როდესაც პანდემიის გამო ე.წ. ლოქდაუნი ცხადდება ქვეყანაში. მეორე, სისტემას უნდა ემუშავა გამართულად. ანუ ყოველი გადახდის უკან, რომელსაც ვაკეთებთ, ზუსტად ეროვნული ბანკი და ის სისტემა დგას, რომელსაც ეროვნული ბანკი უვლის. ეს ნიშნავდა, რომ ჩვენ 24 საათის განმავლობაში უნდა გვემუშავა, რასაც ვაკეთებდით კიდეც. […] ეს ანაზღაურება მათ[ეროვნული ბანკის თანამშრომლებს] ურთულესი წლის განმავლობაში დაუღალავი და ხშირად სიცოცხლის რისკის ფასად მიიღეს. მე, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელს, უფლება არ მქონდა, რომ არ დამეფასებინა მათი ასეთი თავდადება”, – განაცხადა გვენეტაძემ.
მანამდე, იგი მწვავედ გააკრიტიკეს რიგმა დეპუტატებმა, მათ შორის, მამუკა ხაზარაძემ. ამ უკანასკნელმა გვენეტაძეს თანამდებობიდან გადადგომისკენაც მოუწოდა.
“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) ინფორმაციით, 2020 წელს ყველზე მეტი, 5.5 მლნ ლარი, პრემია ეროვნული ბანკის თანამშრომლებზე გაიცა.


