ხაზარაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოუწოდებს თანამდებობიდან გადადგეს: "ასეთი ანაზღაურების მენეჯერს არც ერთი კერძო ბიზნესი არ დაიქირავებდა"
02/06/2021 10:23:35 ეკონომიკა
"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს მოუწოდებს, თანამდებობიდან გადადგეს.
"მე მინდა, გითხრათ დასკვნის სახით, რომ ასეთი ანაზღაურების მენეჯერს ვერცერთი და არც ერთი, გარანტიას გაძლევთ, კერძო ბიზნესი არ დაიქირავებს იმ შედეგების მიხედვით, რასაც თქვენ დებთ. მოგიწოდებთ პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ და გადადგეთ იმ თანამდებობიდან, რომელსაც იკავებთ აბსოლოტურად ყოველგვარი შედეგის გარეშე", - მიმართა ხაზარაძემ გვენეტაძეს.
ხაზარაძემ გვენეტაძისთვის კითხვის დასმის დროს სამი საკითხი გამოყო:
- ლარის კურსი - რომელიც მისი პრეზიდენტობის დროს 40%-ზე მეტად გაუფასურუდა;
- ინფლაციის დონე, რომელიც "გაგექცათ და ვერ აკონტროლებენ ვერანაირ სამომხმარებლო ფასებს"
- ქვეყანაში არანაირი პერსპექტივა არ არსებობს, რომ საერთაშორისო ბიზნესმა ან თუნდაც ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა კომპანიების მფლობელობაში.
„ეროვნული ბანკის კანონის შესაბამისად, ძალიან მკაფიოდ არის გამოკვეთილი, თუ რაზე არის პასუხისმგებელი ეროვნული ბანკი, მისი პრეზიდენტი და მთლიანად საბჭო. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ფულად საკრედიტო მონიტორინგი და ასევე ინფლაციის დონე. ჩვენ, როცა ვსაუბრობთ შედეგებზე, აუცილებლად შეფასება მიეცემა ეროვნული ბანკის მუშაობას, უნდა შეფასდეს დადებითად ან უარყოფითად, ან მადლობა გადავუხადოთ და ვუთხრათ, რომ ასე გააგრძელოს მუშაობა, ან პირიქით, საყვედური უნდა გამოვუცხადოთ და ა.შ. ამიტომ, მოდით, შევთანხმდეთ შეფასების კრიტერიუმზე, როგორ უნდა შეფასდეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მენეჯერი ქვეყანაში, რომელსაც ვუხდით ფულს და რომელიც თანამშრომლებს ამ კრიზისულ პერიოდში 5 მილიონ პრემიებს უწერს", – განაცხადა ხაზარაძემ.


