"დაბალი ხარისხის არჩევნები საქართველოში: უკურნებელი სენი თუ მოგვარებადი პრობლემა?" - ექსპერტების მოსაზრებები
27/05/2021 19:34:55 პოლიტიკა
"დაბალი ხარისხის არჩევნები საქართველოში: უკურნებელი სენი თუ მოგვარებადი პრობლემა?" – ამ თემაზე დღეს თბილისში "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) მიერ ორგანიზებული ყოველწლიური კონფერენციის (#GEODEM) რიგით მე-6 გამოშვება ონლაინ ფორმატში ჩატარდა.
როგორც GIP-ში აცხადებენ, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მოუმწიფებლობა და არაპროგნოზირებადობა კვლავ ქართული პოლიტიკის მთავარ მახასიათებლებს წარმოადგენს. მიუხედავად არსებული იმედისა, რომ საქართველო განაგრძობდა სვლას კონსოლიდირებული ლიბერალური დემოკრატიისკენ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესის ნაკლოვანებები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სტანდარტების დაუცველობის თვალსაზრისით. ქართულ პოლიტიკას, ქვეყნის დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე კვლავ აწუხებს ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების შედეგების მიუღებლობა, პოლიტიკური მიზნებისათვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, არათანაბარი პოლიტიკური გარემო და საარჩევნო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობა.
იმის განსახილვევლად, თუ როგორ შეუძლია ქვეყანას, გადალახოს ხსენებული სირთულეები, ონლაინ რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე დისკუსია შემდეგი შეკითხვების ირგვლივ წარიმართა: რატომ ვერ ახერხებს საქართველო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, რაც უზრუნველყოფდა პოლიტიკური მეტოქეობის გაგრძელებას საკანონმდებლო ორგანოში? როგორ მოქმედებს პოლიტიკური კულტურა საქართველოში არჩევნების ჩატარებაზე? რა ინსტიტუციური ცვლილებებია საჭირო იმისთვის, რომ მომავალი არჩევნები შესაბამისი დემოკრატიული ხარისხით ჩატარდეს? რა იწვევს პოლიტიკურ უნდობლობას მმართველ ძალებსა და ოპოზიციას შორის საქართველოში და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ კონკურენტმა მხარეებმა არჩევნების შედეგები ობიექტურად სცნონ?
ქუინს კოლეჯის ასოცირებული პროფესორი ჯული ჯორჯი მიიჩნევს, რომ ძირითადი პრობლემა, რომელიც დემოკრატიული მმართველობის მტერია, არის მმართველი ძალის გადაწყვეტილება, კვლავ დარჩეს ხელისუფლებაში.
"რატომ ვერ ახერხებს საქართველო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას?! დავიწყებ აშშ–ის მაგალითის მოყვანით – თქვენ ყველამ იცით ამერიკის არჩევნებთან დაკავშირებული დაპირისპირებები და ჩვენი უნდობლობა. ვფიქრობ, რომ ამ გამოცდილებიდან მნიშვნელოვანი გაკვეთილი არის ის, რომ კონკურენტუნარიანი დემოკრატიული არჩევნების ჩატარება ძალზე რთულია და ძნელია მათთვისაც კი, ვისაც აქვს არჩვენების გამართვის 200–წლიანი პრაქტიკა. ვფიქრობ, ძირითადი პრობლემა, რომელიც დემოკრატიული მმართველობის მტერია, არის მმართველი ძალის გადაწყვეტილება, კვლავ დარჩეს ხელისუფლებაში. ხელისუფლების შენარჩუნების სურვილით მმართველ ძალას არჩევნებში გამარჯვება კიდევ ერთხელ სურს. ამ სურვილის თავიდან ასაცილებლად არსებობს ორი გზა. პირველი არის პოლიტიკური ხელმძღვანელობის თვითშეზღუდვა. რაც ყოველთვის საეჭვოა და ნაკლებად სავარაუდოა, რადგან პოლიტიკური ხელმძღვანელობა ყოველთვის მიიჩნევს, რომ ისინი უნდა დარჩნენ ხელისუფლებაში. მეორე გზა კი ინსტიტუტებია. ასე რომ, რასაც საქართველოში ვაკვირდებით, არის ინსტიტუტების გაჩენა. მსურს, გავიხსენო საქართველოში 2012–2013 წლებში გამართული არჩევნები – როდესაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" წააგო არჩევნები, წავიდა ხელისუფლებიდან და პოლიტიკური დიალოგის ფორმატში გარკვეული პოლიტიკური ლეგიტიმურობა შეინარჩუნა. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითია და ამაზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი რამ კიდევ განმეორდეს".
ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) ასისტენტ-პროფესორი ქეთევან ბოლქვაძე აცხადებს, რომ "დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკოსები კონკურენციის წესებს იცავენ და პარტიებს აქვთ გარანტიები, რომ არჩევნების წაგების მიუხედავად, მათი უფლებები დაცული იქნება".
მისივე თქმით, უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ გამარჯვებული ყველაფერს არ მიიტაცებს და არ გაანადგურებს ოპოზიციას.
აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) აღმასრულებელი დირექტორი ლევან ცუცქირიძე საარჩევნო სისტემაში არსებულ პრობლემბსა და მათი მოგვარების გზებზე ამახვილებს ყურადღებას:
"რატომ გვაქვს ეს უნდობლობა და რატომ გვაქვს ეს აღიარების ცნობის პრობლემა?! ამ შემთხვევაში ადმინისტრაციის თვალსაზრისით რომ შევხედოთ, ერთ-ერთი უპირველესი არის ის, რომ საარჩევნო ადმინსიტრაცია ერთპარტიულ კონტროლს ექვემდებარება. მმართველ პარტიას ყოველთვის აქვს შესაძლებლობა, რომ ერთპარტიულად მართოს საარჩევნო ადმინისტრაცია მიუხედავად იმისა, თუ რა პროცესს გადის ადმინისტრაციის წევრების შერჩევა.
პრობლემას წარმოადგენს ძალიან დაბალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები საარჩევნო კომისიების წევრებისთვის და შერჩევის სუსტი მექანიზმი. ამასთან, არის ძალიან დაბალი ანაზღაურება საუბნო და საოლქო დონეზე. გარდა აამისა, საარჩევნო კომისიაში მნიშვნელოვანია შერჩეული იყვნენ არაპარტიული კანდიდატები პროფესიული ნიშნით.
კიდევ ერთი პრობლემაა ანგარიშვალდებულების სადღეისოდ მოქმედი მექანიზმი. რეალურად პოლიტიკური პარტიის მიერ კომისიებში დანიშნული ადამიანები არავის წინაშე არაფერზე არ არიან ვალდებულნი –არც ცესკოს , არც ცესკოს თავმჯდომარის და არც მათი პარტიის მიმართ. ანუ, ამ ადამიანებს შეუძლიათ, მიიღონ ნებისმიერი გადაწყვეტილება და მათ ამის გამო პასუხს ვერავინ, მათ შორის, ვერც ცესკოს თავმჯდომარე მოსთხოვს.
6 პრინციპი, თუ როგორ შეიძლება, გადაიჭრას ეს პრობლემები:
- საარჩევო ადმინისტრაცია პოლიტიკური პარტიების კონტროლისგან აბსოლუტურად უნდა გაიმიჯნოს;
- საარჩევნო კომისიის პროფესიონალიზაცია. ამ კომისიის წევრები ზეპარტიული პრინციპით უნდა იყვნენ შერჩეულები;
- თანამშრომლები ანგარიშვალდებულები უნდა იყვენენ ცესკოს მიმართ;
- საარჩევნო პროცესების ავტომატიზაცია, იქ სადაც შესაძლებელია;
- ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვა;
- ცენტრალურ საარჩევნო მოხელეზე დაფუძნებული საარჩევნო სისტემა.
უარი უნდა ვთქვათ კოლეგიურ სისტემაზე, დავნიშნოთ ერთი ადამიანი, რომელიც იქნება უშუალოდ ხელმღვანელი და მმართველი საარჩევნო პროცესების. მაგალითად კანადაში არჩევნებს ერთი პირი ხელმძღვანელობს. ასევეა ინდოეთშიც".
Civil.ge–ს დამფუძნებელი ჯაბა დევდარიანი მიიჩნევს, რომ ძალთა ბალანსზე დამყარებული საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლასა და ხმების დათვლის პროცესში მოქალაქეების მონაწილეობის გაზრდაზე ამახვილებს ყურადღებას:
"როდესაც არჩევნების მიმართ ნდობაზე ვსაუბრობთ, მივდივართ სამართლიანი ბროკერის საკითხზე - ვის ვენდობით, როგორც პიროვნებას ან ინსტიტუტს, რომელსაც შეუძლია, გადაწყვიტოს თავისი არსით ვითარება. ორი აქტორი არსებობს დემოკრატიაში, პირველია: სამოქალაქო სამსახური, საჯარო სამსახური და ადმინისტრაცია, ხოლო მეორე – თავად მოქალაქეები, მათი ერთობა როგორც სუვერენული უფლების მატარებელი საზოგადოება. მმართველი პარტია ხშირად განიხილავს საჯარო სამსახურს, როგორც მის გაგრძელებას, ეს ასე არ უნდა იყოს. ამ შეგნების მშენებლობას საქართველოში რომ მოსახლეობამ აღიქვას საჯარო სამსახური როგორც დამოუკიდებელი არბიტრი, სჭირდება საკანონმდებლო მხარე და პრეცედენტზე დაფუძნებული აღქმა. საარჩევნო პროცესისადმი ნდობის გასაზრდელად ჩემი რეკომენდაციაა, რომ ძალთა ბალანსზე დამყარებული საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს საჯარო მოხელისთვის მინდობილი საჯარო ადმინისტრაციით და მეორე, უნდა გაიზარდოს მოქალაქეების მონაწილეობა უშუალოდ ხმების დათვლის პროცესში".


