ინდური შტამი საქართველოს ორ მოქალაქეს დაუდასტურდა, ისინი მკურნალობას ბინაზე განაგრძობენ
27/05/2021 16:46:17 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ხუთი პირიდან ორი, რომელთაც კორონავირუსის ინდური შტამი დაუდასტურდათ, საქართველოს მოქალაქეები არიან.
მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას ბინაზე განაგრძობენ.
რაც შეეხება უცხოეთის სამ მოქალაქეს, მათ ქვეყანა დატოვეს.
„კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამმა დატოვა ქვეყანა, საქართველოს მოქალაქეების იზოლირებულნი არიან და მათზე მეთვალყურეობა მიმდინარეობს. ისინი იმყოფებიან სახლის პირობებში, დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს“,– განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე ცნობით, ხუთივეს შუა აღმოსავლეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და საქართველოში მაისის შუა რიცხვებში შემოვიდნენ.
რაც შეეხება დამატებითი შეზღუდვების შესაძლებლობას ინდური შტამის გამო, გამყრელიძე ამბობს: "ახალი შტამის გამოჩენასთან დაკავშირებით არ მგონია, რეგულაციები გამკაცრდეს. ეს იქნება მსჯელობის საგანი საკოორდინაციო საბჭოზე, მაგრამ რეგულაციების გამკაცრებას ამ ეტაპზე ჩვენ არ ველოდებით".
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ინდური შტამის ხუთი შემთხვევა დადასტურდა.
გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში 90%–დან 100%–მდე კორონავირუსის ბრიტანული შტამი ცირკულირებს.


