Accentnews.ge
შს მინისტრი დმანისში ჩავიდა: "ვინც კანონი დაარღვია,  ყველა სრული სიმკაცრით დაისჯება, ეს არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში"

შს მინისტრი დმანისში ჩავიდა: "ვინც კანონი დაარღვია, ყველა სრული სიმკაცრით დაისჯება, ეს არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში"

17/05/2021 10:58:44 სამართალი

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური დმანისში, დაპირისპირების ადგილზე ჩავიდა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ ვინც დაარღვია კანონი ყველა "სრული სიმკაცრით" დაისჯება.

„პირველ რიგში, ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა ეს ფაქტი, დაწყებული გუშინ ,რაც მოხდა, შეხლა-შემოხლა, რაც გავიდა პირდაპირ ეთერშიც. ერთი მინდა ვთქვა, ყველა, მნიშვნელობა არ აქვს ეს ადამიანი ვინ იქნება, ყველა დაისჯება, ვინც დაარღვია კანონი, სრული სიმკაცრით. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. რატომღაც ცდილობენ ახლა, არ მინდა რომელიმე ვახსენო, გარკვეული ძალები და ჯგუფები, ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაყვანის თემა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ეთნიკურად აზერბაიჯანელები, ისევე ქართველები ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან, ერთად ცხოვრობენ საუკუნეების მანძილზე, ჩვენი ძმები არიან ყველა და ამას არ დავუშვებთ. ეს თემა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში, რა თქმა უნდა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისი თქმით, ამ წუთებში შსს გამოკითხვებს ატარებს. მინისტრი ვინმეს დაკავებას არ ადასტურებს:

"გამოძიება დაწყებულია, გამოკითხვები მიმდინარეობს ახლა და ჯერ დაკავებას ვერ დაგიდასტურებთ, იმიტომ რომ, პროკურატურასთან ერთად ვმუშაობთ".

ვახტანგ გომელაურმა, ასევე აღნიშნა, რომ დღეს დილით დმანისში ვითარება სწრაფად დაიძაბა და იქ მყოფი საპოლიციო ძალები საკმარისი არ აღმოჩნდა:

"გუშინდელი დღის შემდეგ იყო გაძლიერებული პოლიცია. მეტი ძალები იყო შემოყვანილი, თუმცა ეს ძალები არ აღმოჩნდა საკმარისი. ვერ მოხდა ამხელა მასის კონტროლი და დამატებითი ძალები შევიყვანეთ დმანისში. აქედან გამომდინარე, განიმუხტა".

ცნობისთვის: დმანისში ადგილობრივები უკვე მეორე დღეა, ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან. დაპირისპირებამ დღეს, 17 მაისს უფრო ფართო მასშტაბი მიიღო. დმანისის ერთ-ერთ ქუჩაზე შეკრებილი მოსახლეობის ნაწილი თოხებით და ხელკეტებით არის შეიარაღებული. ერთმანეთს დაუშინეს ქვებიც.

მედიასა და სოციალურ ქსელში 16 მაისს გავრცელდა სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული კადრები, რომელიც დმანისში ეთნიკურად ქართველი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ორი ჯგუფის ერთმანეთთან ფიზიკურ დაპირისპირებას ასახავს. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ხელჩართულ ჩხუბში ახალგაზრდები ერთმანეთს ჯოხებს ურტყამენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S