მუნიციპალური ტრანსპორტის გრაფიკი შეიცვალა
17/05/2021 09:34:15 საზოგადოება
ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის შემსუბუქებიდან გამომდინარე, დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი (ავტობუსები, თბილისის მეტრო და მიკროავტობუსები) მგზავრებს 23:00 საათამდე მოემსახურება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„რაც შეეხება საბაგირო გზებს, კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები 10:00-დან 22:00 საათამდე, ხოლო ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 08:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს. კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას დაწესებული შეზღუდვები, რომელიც პირბადით გადაადგილების აუცილებლობას გულისხმობს. ასევე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გაგრძელდება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუნიციპალური ტრანსპორტის ყოველდღიური დამუშავება“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა შემსუბუქდა და დღეიდან 23:00 საათიდან 05:00 საათამდე იმოქმედებს.
იხილეთ ასევე: რომელი შეზღუდვები შემსუბუქდება საქართველოში დღეიდან


