Accentnews.ge
რომელი შეზღუდვები შემსუბუქდება საქართველოში დღეიდან

რომელი შეზღუდვები შემსუბუქდება საქართველოში დღეიდან

17/05/2021 09:25:52 საზოგადოება

საქართველოს მთავრობამ პანდემიის გამო დაწესებული რიგი შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.

კერძოდ,

  • დღეიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა 23:00 საათიდან ამოქმედდება და დილის 05:00 საათამდე იმოქმედებს.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, გამკაცრდება რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება:

„როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს მასშტაბით მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა ღამის 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში. ეპიდემიოლოგიური ტენდენციების დეტალური ანალიზის საფუძველზე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, შეზღუდვის შემსუბუქების თაობაზე. კერძოდ, დღეიდან, გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს 23:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში. აქვე, მივმართავთ მოქალაქეებს, გაითვალისწინონ, რომ გამკაცრდება რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვა ამოქმედდება ზუსტად 23:00 საათზე. ამავდროულად, განვმარტავთ, რომ ძალაში რჩება ყველა ის გადაადგილების უფლება, რომელიც მოქმედებდა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში, ანუ მათ თავიდან არ დასჭირდებათ ამ უფლების მოპოვება“.

  • მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ

„როგორც იცით, საქართველოს მასშტაბით შაბათ-კვირას აკრძალულია კვების ობიექტების მუშაობა. რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ეკრძალებათ სტუმრების მიღება და მხოლოდ მიტანა-გატანის სერვისზე მუშაობენ. აღნიშნული რეგულაციაც მსუბუქდება. კერძოდ, მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ რეგულაციების სრული დაცვით“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

  • იხსნება შეზღუდვა სასტუმროებში მოქმედი რესტორნებისთვის, რომელთა ფუნქციონირება დღემდე 21:00 საათიდან აკრძალული იყო.

შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება შესაძლოა 1 ივნისიდან მოხდეს

როგორც ბრიფინგზე გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვება გრძელდება და ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში, პირველი ივნისიდან, ამ მიმართულებით შესაძლოა, შემდგომი შემსუბუქების გადაწყვეტილებაც იქნას მიღებული.

„ჩვენ განვაგრძობთ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში, პირველი ივნისიდან, ამ მიმართულებით შესაძლოა, შემდგომი შემსუბუქების გადაწყვეტილებაც იქნას მიღებული“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ კიდევ ერთი ინფორმაცია გახდა ცნობილი. კერძოდ, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ამ კვირიდან ტურიზმის სექტორში დასაქმებულების ვაქცინაცია დაიწყება:

„ამ კვირიდან უკვე დაიწყება ორგანიზებული ვაქცინაცია იმ ადამიანების, ვინც დასაქმებულია ტურისტულ სექტორში. ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ ჩვენთან ტურიზმი არის უსაფრთხო“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S