პალესტინის ლიდერი – ბაიდენს: "შეაჩერე ისრაელი, რათა ყველაფერი კონტროლიდან არ გავიდეს"
14/05/2021 17:39:53 მსოფლიო
პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებს, "შეაჩეროს ისრაელის აგრესია დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში".
”პრეზიდენტი მოუწოდებს აშშ-ის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ იმოქმედოს ისრაელის აგრესიის შესაჩერებლად, რათა ყველაფერი კონტროლიდან არ გავიდეს", - ნათქვამია აბასის ოფისის განცხადებაში.
დასავლეთ სანაპირო ისრაელის ჯარისკაცებისა და პალესტინელი დემონსტრანტების დაპირისპირების კერაა. მედიის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს, სულ მცირე, 9 პალესტინელი დემონსტრანტი ემსხვერპლა და 500–მდე დაშავდა.
ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სარაკეტო იერიში 9 მაისიდან არ წყდება. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, გუშინდელი დღიდან ღაზაში საჰაეროსთან ერთად სახმელეთო ოპერაციაც დაიწყეს. კერძოდ, ისრაელმა სამხედრო დანაყოფები ღაზას სექტორის საზღვართან განათავსა და მოწინააღმდეგეს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა.
პარალელურად ისრაელის რიგ ქალაქებში გრძელდება შეტაკებები ებრაელებსა და არაბებს შორის.
იხილეთ ასევე: კონფლიქტის დარეგულირების მიზნით აშშ–ის წარმომადგენელი ისრაელში ჩავიდა


