კონფლიქტის დარეგულირების მიზნით აშშ–ის წარმომადგენელი ისრაელში ჩავიდა
14/05/2021 17:49:17 მსოფლიო
კონფლიქტის დარეგულირების მიზნით აშშ–ის წარმომადგენელი ისრაელში ჩავიდა.
ისრაელში აშშ–ის საელჩოს ცნობით, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჰედი ამრი უკვე თელ–ავივშია.
"ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს. ისრაელისა და პალესტინის ხალხი იმსახურებს თავისუფლების, უსაფრთხოების, ღირსების და კეთილდღეობის თანაბარ უფლებებს", – აცხადებენ დიპლომატიურ უწყებაში.
12 მაისს ცნობილი გახდა, რომ აშშ ისრაელსა და პალესტინაში წარმომადგენელს აგზავნის.
"მე ვთხოვე სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჰედი ამრს, რომ დაუყოვნებლივ წასულიყო და შეხვედრები გაემართა ისრაელსა და პალესტინაში, რათა მხარეებს ჩემი და პრეზიდენტ ბაიდენის სახელით დეესკალაციისკენ მოუწოდოს", – განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
მისი თქმით, "ისრაელს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, თავიდან იქნას აცილებული რიგითი მოქალაქეების მსხვერპლი".
"ორივე მხარემ უნდა შეამციროს ძალადობა. ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასისგან" წვიმასავით მოდის რაკეტები და ფაქტია, რომ მათი სამიზნე მშვიდობიანი მოქალაქეებია და ისრაელის პასუხობს, რომელიც თავს იცავს. თუმცა, ვფიქრობ, ისრაელი უნდა შეეცადოს, ყველაფერი გააკეთოს, რათა თავიდან იქნას აცილებული მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი, მაშინაც კი, როცა პასუხი ისრაელის ხალხის დაცვის საპასუხოა", – აცხადებს ბლინკენი.
მოგვიანებით, მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისრაელის პრემიერ–მინსტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა და აღნიშნა, რომ "ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს და პალესტინელებს უნდა შეეძლოთ უსაფრთხოდ ცხოვრება".
12 მაისს სატელეფონო საუბარი გაიმართა აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ–მინსტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის. ბაიდენმა ისრაელს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ "აუცილებელია მდგრადი მშვიდობის" აღდგენა.
ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სარაკეტო იერიში 9 მაისიდან არ წყდება. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, გუშინდელი დღიდან ღაზაში საჰაეროსთან ერთად სახმელეთო ოპერაციაც დაიწყეს. კერძოდ, ისრაელმა სამხედრო დანაყოფები ღაზას სექტორის საზღვართან განათავსა და მოწინააღმდეგეს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა.


