„ლინჩის წესით გასამართლებას გამართლება არ აქვს!“ – ისრაელის რამდენიმე ქალაქში სამოქალაქო დაპირისპირება გრძელდება
13/05/2021 06:46:36 მსოფლიო
ორმხრივი სარაკეტო იერიშების ფონზე ისრაელის რიგ ქალაქებში არეულობა გრძელდება.

ისრაელში საქართველოს საელოჩო თანამოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ქალაქები ლოდი, ბათ იამი, აკო და ხაიფა რჩებიან ქუჩებში არეულობის და დაპირისპირების ეპიცენტრებად.

„კომენდანტის საათის“ მიუხედავად, ლოდში ებრაელ და არაბ მოქალაქეებს შორის შეტაკებები მოხდა, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს არაბი დემონსტრანტი. ადგილობრივი მედია წერს, რომ ქალაქ აკოში არაბმა დემონსტრანტებმა ცივი იარაღით დაჭრეს ებრაელი მოქალაქე. ქალაქ ბათ იამში კი ებრაელმა რადიკალებმა არაბული მაღაზიები დაარბიეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ ტაქსის მძღოლს, რომელიც ძალის გამოყენებით გადმოათრიეს ავტომანქანიდან და თავისა და სხეულის არეში ძლიერი დაზიანებები მიაყენეს. მსგავსი ინციდენტი მოხდა ქალაქ ხაიფაში: არაბ მძღოლს ებრაელმა დემონსტრანტებმა ქვები დაუშინეს, რის შემდეგაც მძღოლმა ერთ–ერთ თავდამსხმელს მანქანა შეაჯახა.

იუწყებიან, რომ შეტაკებების დროს დაიღუპა ერთი და დაშავდა 40–ზე მეტი დემონსტრანტი.

ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ისრაელის პრემიერ–მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ანარქია უწოდა.

„ისრაელის მოქალაქეებო, ის, რაც ამ ბოლო დღეებში ისრაელის ქალაქებში ხდება, გაუსაძლისია! ჩვენ ვნახეთ არაბი ამბოხებულები, რომლებიც ცეცხლს უკიდებდნენ სინაგოგებს, თავს ესხმოდნენ პოლიციელებს და ზიანს აყენებდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს. ეს ანარქიაა! არ აქვს გამართლება არაბების მიერ ებრაელების ლინჩის წესით გასამართლებას! არ აქვს გამართლება ებრაელების მიერ არაბების ლინჩის წესით გასამარტლებას! ჩვენ ამას არ მივიღებთ! ჩვენ ისრაელის ყველა ქალაქში წესრიგს დავაბრუნებთ“,– განაცხადა ნეთანიაჰუმ.

იხილეთ ასევე: სრულმასშტაბიანი ომის საფრთხე ახლო აღმოსავლეთში: კონფლიქტის ანატომია


