
რუმინეთი - აშშ–ს: "ნატო–ს აღმოსავლეთით საჭიროა ალიანსის მეტი ძალა"
10/05/2021 18:29:38 მსოფლიო
"ნატო–ს აღმოსავლეთ ფლანგზე საჭიროა ალიანსის მეტი ძალა", – ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"შემაშფოთებელი ვითარება შავ ზღვაზე, რომელიც დეტალურად განვიხილეთ, ადასტურებს, რომ სიფხიზლე უნდა შევინარჩუნოთ. ნატო–მ უნდა გააგრძელოს თავისი თავდაცვითი და შემაკავებელი პოზიციების გაძლიერება, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ფლანგზე ბალტიისპირეთიდან შავ ზღვამდე. ამიტომაც, პრეზიდენტ ბაიდენთან ჩვენს დისკუსიაზეც მე გამოვედი მოწოდებით ალიანსის და აშშ-ის წარმომადგენლობის გაზრდის თაობაზე რუმინეთში და აღმოსავლეთის ფლანგის სამხრეთ მონაკვეთში", - განაცხადა იოჰანისმა.
"ბუქარესტის ცხრიანი" აერთიანებს რუმინეთს, პოლონეთს, უნგრეთს, ბულგარეთს, ჩეხეთის რესპუბლიკას, სლოვაკეთს, ესტონეთს, ლატვიას და ლიეტუვას. ამ ქვეყნების უმეტესობას აშფოთებს რუსეთის მცდელობა აღადგინოს გავლენა რეგიონში, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება მოახდინა და სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით მხარს უჭერს სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიებზე.
იხილეთ ასევე: რა წერია „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტზე მიღებულ ერთობლივ განცხადებაში საქართველოს შესახებ